არსენი (ტფილელი მიტროპოლიტი)
არსენი - (იესე ბაგრატიონი; ნადიბაიძე, (სხვა მოსაზრებით - ნაიბაძე, 1757-30.11.1813), სასულიერო მოღვაწე, ტფილელი მიტროპოლიტი. მეფე იესეს (ალი-ყული-ხანი, მუსტაფა) უკანონო შვილის - არჩილის (აბდულა-ბეგი) - უკანონო ვაჟი. მამამისი თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს ოპოზიციაში ედგა და ქართლის სამეფო ტახტის ხელში ჩაგდებას ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ ამ ბრძოლაში დამარცხდა. მისი შვილიც თეიმურაზისა და ერეკლეს მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ოჯახს დაუნათესავდა - ცოლად შეირთო 1765 წ. შეთქმულებაში მონაწილე ქართლის თავადის, ელიზბარ თაქთაქიშვილის ასული. ახალგაზრდობაშივე დაქვრივებული ბერად აღიკვეცა, სახელად არსენი ეწოდა და იმერეთში კაცხის მაცხოვრის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. შემდგომში კათოლიკოსმა ანტონ I-მა იგი ეპისკოპოსად აკურთხა და ნიქოზის კათედრაზე დაადგინა.
1795 წ. კრწანისის ბრძოლის შემდეგ მოწამებრივად აღესრულა თბილელი მიტროპოლიტი დოსითეოსი, რის შემდეგაც დედაქალაქის კათედრა არსენმა დაიკავა და მიტროპოლიტის წოდება მიენიჭა. თბილისის გარდა ეჭირა ბოლნისისა და მანგლისის კათედრებიც. იგი მიესალმა აღმოსავლეთ საქართველოს შესვლას რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და ამ ფაქტთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვაც კი აღავლინა თბილისის სიონში. რუსეთის მთავრობა არსენს ძალიან სწყალობდა, საფიქრებელია, უფრო ანტონ II-ის უფლებების შეზღუდვის მიზნით, მით უფრო, რომ ისიც სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. რუსული ეკლესიის წმინდა სინოდმა არსენი წმინდა ანას I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა, 1807 წელს კი - ბრილიანტის ჯვრით შემკული თეთრი ბარტყულა უბოძა. ასეთი გარეგანი ნიშნების წყალობით არსენი კათოლიკოსის მეტოქედ ჰყავდათ წარმოდგენილი. მართლაც იგი კათოლიკოსის იურისდიქციას აღარ ემორჩილებოდა და ხშირად უშუალოდ რუსულ სინოდს მიმართავდა, რითაც ხელი შეუწყო საქართველოს საეკლესიო საქმეებში რუსეთის საერო მთავრობის ჩართვას. 1809 წელს, როცა ანტონ II-მ ახალი მთავრობის სურვილისამებრ შეადგინა სასულიერო დიკასტერიის დაარსების პროექტი, რომლის მიხედვით, უქმდებოდა თბილისის ეპარქია, ხოლო მისი საკათედო ტაძარი - სიონი - თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის დირექტპრს, დეკანოზ ალექსი პერტიაშვილს (შემდგომში - არქიმანდრიტი ათანასე) ექვემდებარებოდა, პირადი ინტერესებით აღძრულმა მიტროპოლიტმა არსენმა ვრცელი საჩივარი გაგზავნა იმპერატორ ალექსანდრე I-ის სახელზე და მთავრობას მოუწოდა საეკლესიო საქმეებში ჩარევასა და გამოძიებისკენ. 1809 წლის 12 დეკემბერს, იმპერატორის დაბადების დღეს, სიონის ტაძარში სადღესასწაულო წირვაზე არსენმა მთავარმმართველ ა. ტორმასოვისა და საზოგადოების წინაშე მოურიდებლად საკურთხეველში შეურაცხყოფა მიაყენა დეკანოზ ალექსისა და მთავარეპისკოპოს ვარლაამს (ერისთავი, შემდგომში - საქართველოს პირველი ეგზარქოსი). ამას დაერთო ეპარქიის მართვა-გამგეობაში დაშვებული სხვა ბოროტმოქმედებანი და სიონის ქონების გაფლანგვაში მხილება-ბრალდებანი, რასაც შედეგად მოჰყვა სასულიერო სასამართლოს განაჩენი, რომლის ძლითაც არსენი კათედრიდან გადააყენეს, 6 თვით მღვდელმსახურება აუკრძალეს და გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერში გაგზავნეს. არსენი ამ განაჩენს არ დაემორჩილა და იმპერატორთან აუდიენცია ითხოვა. ახალმა მთავარმართებელი რტოჩევი მოითხოვდა მის რუსეთში განწესებას. 1200 მანეთის ოდენობის პენსიით. 1813 წელს იმპერატორმა პეტერბურგში ჩასვლისა და სინოდში თავისი საქმის გამორკვევის ნება მისცა. თბილელი მიტროპოლიტი ასეთ განკარგულებას ეჭვის თვალით შეხვდა. მისი გამგზავრება პეტერბურგში არ შედგა - 1813 წლის 30 ნოემბერს არსენი მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი პატივით დაკრძალეს სიონის საკათედო ტაძარში, ხოლო მის მოხუცებულ დედას, თინათინს, რუსეთის მთავრობამ პენსია დაუნიშნა თვეში 25 მანეთი ვერცხლით. თინათინი გარდაიცვალა 1824 წლის 20 თებერვალს სოფელ ქვემო ხეითში 100 წლის ასაკში და დაკრძალა მღვდელმა ამავე სოფლის სასაფლაოზე.