მუჟირა
მუჟირა -(მუჯირა (სვ.რაჭ.) - მუჟირა წარმოადგენს შვინდის ხის კეტს რომლის სიგრძე 150 სმ-მდეა (დ-3სმ-მდე). ერთ ბოლოში დამაგრებულია რკინის „წვეტი“ (საკუთრივ მუჟირა), ხოლო მეორე ბოლოში ხელის მოსაკიდებელი ქანჩა აქვს გაკეთებული (ან ბუნებრივად შეზრდილი), უფრო ზუსტად ეს ბოლო ორკაპა სახეს ატარებს.
მუჟირა მონადირეებისათვის მეტად საჭირო იარაღია: უპირველეს ყოვლისა, იგი სანდო საბჯენია კლდოვან ადგილებში სიარულის დროს, შეუდარებელი იარაღია ყინულიან ქარაფზე საფეხურების ამოსაკვეთად, ძალიან კარგად ასრულებს მაგარი საყრდენის ფუნქციას თოფისთვის სროლის დროს, ასევე დაჭრილ ნადირთან ხელჩართულ შეხვედრისას სასიკვდილო იარაღს წარმოადგენს გამოცდილი მონადირის ხელში. სვანეთში ბავშვების სხვადასხვა სახის სათამაშოთა შორის მუჟირას მიზანში სროლაც არის დამოწმებული, რაც იმის დასტურია, რომ მუჟირა ოდესღაც სასროლ იარაღადაც ყოფილა გამოყენებული.
ლიტერატურა
ალ. რობაქიძე, შრომის ორგანიზაციის ფორმები ძველი საქართველოს სახალხო მეურნეობაში, 1941. მ.ქ.