ბედიის ბარძიმი
ბედიის ბარძიმი - საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ეს განძი, როგორც ცნობილია, ბაჯაღლო ოქროს მთლიანი ფურცლისგან გამოჭედილი ზიარების შესანახი თასია, რომელიც ბაგრატ მესამესა და მის დედას დედოფალ გურანდუხტს ბედიის ტაძრისთვის შეუწირავთ.
ბედიის ბარძიმი 752 გრამს იწონის. მისი სიმაღლე 12,5 სმ. პირის დიამეტრი 13,5-14 სმ. ქვედა პირის დიამეტრი 9,5-10 სმ. ბარძიმის ზედაპირი დაყოფილია 12 თაღედით. თითოეული თაღის ქვეშ გამოსახულია წმინდანები, რომელთა შუაში ერთ მხარეს - ტახტზე მჯდომი ქრისტეა წარმოდგენილი, ხოლო მეორე მხარეს - ღმრთისმშობელი ყრმით ხელში. ყველა ფიგურას, ღმრთისმშობელის გარდა, ახლავს განმარტებითი წარწერა: იოანე მოციქული, ანდრია მოციქული, ლუკა მახარებელი, მარკოზი მახარებელი, პავლე მოციქული, პეტრე მოციქული, ლებეოსი მოციქული, თადეოსი მოციქული, ბართლომე მოციქული, იაკობი მოციქული. იესო ქრისტეს დაქარაგმებული წარწერა შესრულებულია ბერძნული ასოებით. დანარჩენი პერსონაჟების წარწერები კი ქართული ასოებით. ბარძიმის ზედა ნაწილში ერთსტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერაა, რომელიც მოგვითხრობს, რომ გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ მესამე და მისი დედა გურანდუხტ დედოფალი ბარძიმს მათ მიერ აგებულ ბედიის ტაძარს სწირავენ. თასი თარიღდება 999 წლით. ბარძიმს ასევე ჰქონია ოქროს ფეხი - სადგამი, რომელიც XIX საუკუნის ბოლოსთვის დაკარგულა. მასზე ამოკვეთილი ქართული ასომთავრული წარწერა მოგვითხრობდა, თურმე, რომ სადგამი XVI საუკუნეში ბედიელი მიტროპოლიტის გერმანე ჩხეტიძის დაკვეთით აღუდგენიათ.
წყარო
კორსანტია ნატო. ბედიის ბარძიმის იდუმალების მოჩული ერთი ისტორია გაზ. ჩემი აფხაზეთი, №12,-2010 წლის ოქტომბერი