გორდეზიანი გურამ
გორდეზიანი გურამ – (1970), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ჭრებალოში (ამბროლაური). 1987 წელს დაამთავრა ჭრებალოს საშუალო სკოლა. 1988 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში. გარკვეული წვლილი მიუძღვის ქართული ჯარის ჩამოყალიბებაში. სწავლობდა საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში. იურიდიულ ფაკულტეტზე. იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. 1995 წელს დაპატიმრებული იყო პოლიტიკური ნიშნით, ცრუ ბრალდების საფუძველზე, ლექსების წერა დაიწყო პატიმრობისას, 26 წლის ასაკში. ციხიდან განთავისუფლდა 1999 წელს. 2004 წელს იყო ამბროლაურის კულტურის განყოფილების გამგე. 2009 წელს – გაზეთ „საქართველო XXI” მთავარი რედაქტორი. 2010 წელს დაინიშნა ამბროლაურის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორად. არის ხუთი პოეტური კრებულის ავტორი: „არა გაქვს სადარდიანო”, „უშუშებელი მეწვის იარა”, „მე ის ვარ..!”, „მზის გენია”, „ადუღებული ცრემლით დაგხატე” (2017), „ოდესღაც” (2019).
- ადუღებული ცრემლით დაგხატე
- მ.ი.-ს
- ადუღებული ცრემლით დაგხატე
- ეს იყო შიში შენი დაკარგვის,
- სიკვდილზე მეტად უფრო ვერაგი...
- მიბრუნდებოდა ამპარტავნება,
- როგორც მახვილი და ბუმერანგი...
- ათას საფიქრალს ცეცხლი ეკიდა,
- იფერფლებოდა ჩემი სახატე...
- და, როგორც მერი გალაკტიონმა,
- ადუღებული ცრემლით დაგხატე!..
- მაშინ შევნიშნე შენი დიდება,
- მოკვდავისაზე უფრო დიადი,
- ვიგრძენი ჩემი სი პატარავე,
- რამაც გაფანტა ჩემში წყვდიადი!..
- მინდა დაგიდგე მუხლზე ვედრებით,
- სისხლად და ხორცად რაკი გიწამე...
- შემომღიმილე მზის მცხუნვარებით
- და შენით სნეულს... სულში მიწამლე!..
- სულში მიწამლე და მიმკურნალე
- შენ, ანგელოზის შუქით მოსილო...
- მარადისობის კალაპოტივით...
- შენი სინათლით რომ მოვისილო!..
- ათას საფიქრალს ცეცხლი ეკიდა...
- იფერფლებოდა ჩემი სახატე...
- და, როგორც მერი გალაკტიონმა,
- ადუღებული ცრემლით დაგხატე!..