ორნამენტი
ორნამენტი − (ძვ. ფრანგ. ornement სამკაული, აქსესუარი < ლათ. ornāmentum აპარატი, მოწყობილობა, ატრიბუტი, სამკაული, სათამაშო), მცირემასშტაბური ნაძერწი ან მხატვრული, გრაფიკული, რიტმულად განმეორებადი ელემენტებისაგან შემდგარი სამკაული, რომელიც წარმოადგენს გეომეტრიული ფიგურების ან სტილიზებული ცხოველების, მცენარეების გამოსახულებებს. ორნამენტი, როგორც წესი, ავლენს და აქცენტს უკეთებს ნივთის არქიტექტონიკას, რომელზეც იგია გამოსახული. ორნამენტი, ძირითადად, სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელი იყო. ხოლო ეს სიმბოლოები ფესვმაგარი და ძლიერი ხალხის ყოფიდან, რწმენიდან და ყოველდღიური ცხოვრებიდან იღებდა სათავეს. ორნამენტი წარმოიშვა ჯერ კიდევ პალეოლითის ეპოქაში. ის კაცობრიობის არსებობის მთელ პერიოდში გამოიყენებოდა და გამოიყენება ნაკეთობის დეკორატიული გაფორმებისათვის, რომელიც აუცილებელია ადამიანების ყოფასა და პრაქტიკულ მოღვაწეობაში.