აბრაამი
აბრაამი - ძველი აღთქმის მამამთავარი. მას ადრე აბრამი ერქვა. იგი არის წინაპარი ებრაელი ხალხისა. დაიბადა და ცხოვრობდა ქალდეველთა ქალაქ ურში. აქ მან იცხოვრა 70 წელი, შემდეგ კი ღმერთის ნებით დატოვა მშობლიური მხარე და გადასახლდა ქანაანში, ახლანდელ პალესტინაში. შექემში, მამრეს მუხასთან ღმერთი მეორედ გამოეცხადა მას და აღუთქვა ამ მხარეს შენს შთამომავლობას დავუმკვიდრებო და ისიც დაამატა, რომ მეორე წელიწადს მას სარასაგან შეეძინებოდა ვაჟი და მისგან გამრავლდებოდა აბრამის შთამომავლობა, რის შემდეგაც მას ერქმეოდა არა აბრამი, არამედ აბრაამი, რაც ნიშნავს „მამა მრავალთა“. ამ წინასწარმეტყველების მოსმენისას სარა კარვის უკან იდგა, ისე რომ უფალს ვერ ხედავდა და მას გულში გაეცინა, რადგანაც მას ვერ წარმოედგინა, რომ 90 წლის ქალს შვილი შეეძინებოდა. უფალს არ გამოეპარა ეს სიცილი, ამიტომ აბრამს უთხრა: „რატომ გაეცინა სარას, განა უფლისათვის რაიმე შეუძლებელია? გაის ამ დროს ისევ მოვალ და ნახავ, რომ სარას ვაჟი ეყოლება და დაარქმევს მას ისაკს“. წინასწარმეტყველება ახდა, დაიბადა ვაჟი, რომელსაც დაარქვეს ისაკი, რაც სიცილს ნიშნავს. ამით უფალმა დაარწმუნა აბრამი და მისი ცოლი სარა, რომ ღვთისათვის შეუძლებელი არაფერია. ასი წლის იყო აბრაამი, როცა სარამ შვა ისაკი.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის,-თბილისი 2013 წ.