მრეწველობა
მრეწველობა – სახალხო მეურნეობის უმნიშვნელოვანესი დარგი, რომელიც გადამწყვეტ გავლენას ახდენს საზოგადოების საწარმოო ძალთა განვითარების დონეზე. მრეწველობას განასხვავებენ მოპოვებითსა (მადნეულისა და არამადნეულის წიაღისეულის, ყველა სახის სათბობის მომპოვებელი საწარმოები, ჰესები, ხე-ტყის ექსპლუატაციისა და სხვ.) და დამუშავების (ყველა სახის შრომის იარაღების, შრომის საგნებისა და მოხმარების საგნების დამამზადებელი საწარმოები).
ეკონომიკური დანიშნულების მიხედვით მრეწველობაში გამოყოფენ წარმოების საშუალებათა და მოხმარების საგნების მწარმოებელ დარგებს. ზოგადად, მრეწველობის სახეებია: ადგილობრივი, აირის, ალუმინის, არალითონმადნეულის, ელექტროტექნიკური, ენერგეტიკული, კვების პროდუქტების, ლითონდასამუშავებელი, ლითონის, ლითონმადნეულის, მადნეულის, მანგანუმის, მანქანათმშენებლობის, მეტალურგიული, მიკრობიოლოგიური, მინის, მსუბუქი, მძიმე, ნავთობის, პოლიგრაფიული, ოქროს, რადიოტექნიკური, რეზინის, რკინამადნეულის, საავიაციო, საავტომობილო, სამედიცინო, სამთამადნო, სამთო, სამილე, სამშენებლო, სამხედრო, სასუქის, საფეიქრო, საშენის მასალების, ფეროშენადნობების, ქვანახშირის, ქიმიური, ცეცხლგამძლე მასალების, ხის დასამუშავებელი და სხვ.