სულიერი მოძღვარი
სულიერი მოძღვარი - სულიერი მოძღვარი ის მღვდელია, რომელსაც ჩვენ აღსარებას ვაბარებთ და მისი რჩევა-დარიგებით ვცხოვრობთ. სიტყვა „მღვდელი“ ცეცხლით განწმენდილს ნიშნავს, რადგან ბევრ წმინდანს ჰქონია ხილვა, თუ როგორ განწმენდს სულიწმინდა ცეცხლით მღვდელს ღმრთისმსახურების დაწყების წინ. ერთ-ერთი დიდი წმიდა მამა - გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის, რომ ჩვენს გულში ყოველთვის პირველ ადგილას უნდა იყოს უფალი, მეორე ადგილას კი - სულიერი მოძღვარი, რომელიც უფლის მიერ დადგენილია ჩვენი ცხოვრების კეთილ წინამძღოლად.
სულიერი მოძღვარი სიყვარულით უნდა შევარჩიოთ, რადგან მან უნდა გაგვიწიოს დახმარება ღვთისკენ სავალ გზაზე. აღსარების ჩასაბარებლად სულიერ მოძღვართან ისე უნდა მივდიოდეთ, როგორც ძალიან მოსიყვარულე მშობელთან. იგი ხან გვეფერება, ხან გვტუქსავს ჩვენი საქციელის შესაბამისად და ასე ნელ-ნელა გვაყენებს უფლის გზაზე.
წმ. მამათა განმარტებით, ჩვენ მიერ ცოდვების აღსარებისა და სინანულის გამოთქმისას, მოძღვარი მოწმეა ჩადენილი ცოდვების გამო ჩვენი გულწრფელი სინანულისა. იგი გვეხმარება, რათა არ ჩატყდეს მეგობრობის ხიდი ჩვენსა და ჩვენს მოსიყვარულე ღმერთს შორის. ამიტომ ჩვენს სულიერ მოძღვარს უნდა ვუყურებდეთ როგორც მოსიყვარულე მზრუნველ მშობელსა და ერთგულ მეგობარს, ყოველ მის მოქმედებას კი სიყვარულითა და ჩვენზე ზრუნვით გამთბარს. ჩვენც ასეთივე სიყვარულით უნდა ვუპასუხოთ: გულითადი სიყვარულით უნდა ვემორჩილებოდეთ და აღვასრულებდეთ მის ლოცვა-კურთხევას და ვითვალისწინებდეთ მის რჩევას.
წყარო
ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.