სამხედრო დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა
სამხედრო დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა - 1918 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ სახელმწიფო გერბის და მთავრობის შტანდარტის ოფიციალური აღწერილობის დამტკიცებასთან ერთად, დაამტკიცეს საქართველოს სამხედრო დროშის აღწერილობა, რომელშიც ვკითხულობთ:
„საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო დროშა შესდგება კვადრატული ფორმის თეთრი ალმისაგან, რომლის შუაგულში მოთავსებულია საქართველოს რესპუბლიკის ღერბი გვირგვინში; ალამს შემოვლებული აქვს შვინდისფერი არშია, გარშემორტყმულია ვერცხლის ზოლით; ალამს აქვს სამი შვინდისფერი კუწუბი, ვერცხლის ზოლ-შემოვლებული. დროშის ბუნი შვინდისფერია, მოოქროვილ-ლახვრიანი, რომელზედაც ცალმეტად ჩამოშვებულია ორი ოქროს ფოჩი“.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო დროშის ესკიზის ავტორია სახელმწიფო გერბის ესკიზის ავტორი, ფრანგული წარმომავლობის რუსი მხატვარი ევგენი ევგენის ძე ლანსერე (1875-1946), რომელიც 1917-1934 წლებში კავკასიაში, ძირითადად კი თბილისში მოღვაწეობდა. მოგვიანებით (1933) მას მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.
ნიკო ჯავახიშვილი
ლიტერატურა
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, მიღებული 1921 წლის 21 თებერვალს, წგნ.: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული (1918-1921), შემდგენელი ვ. გურგენიძე, სპეცრედაქტორი ვ. შარაშენიძე, თბ., 1990.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი