ონტარიო (ქლიავის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ონტარიო

ონტარიო - (Ontario). ქლიავის ჯიში გამოყვანილია იტალიაში. საქართველოში შემოტანილია უკანასკნელ წლებში. გვხვდება მხოლოდ ამ ჯიშის ახალგაზრდა ხეები საკოლექციო ნარგავებში.

ხე ადრე შედის მსხმოიარობაში და უხვად ისხამს. საშუალო ხნის ერთი ხე იძლევა 30–35 კილოგრამ ნაყოფს. ამ ჯიშის დადებითი მხარეებია: უხვი მოსავლიანობა, ადრეულა სიმწიფე, მსხვილი და ლამაზი სუფთა ნაყოფი. ნაყოფიჭამია ნაკლებად აზიანებს „ონტარიოს“ ნაყოფს.

მწიფდება ივლისის ბოლო რიცხვებში და აგვისტოს დასაწყისში (გორის რაიონი), ნაყოფი ხეზე მწიფდება არაერთდროულად, არამედ თანდათანობით, დაახლოებით 15 დღის განმავლობაში.

ხე ხასიათდება ოვალური სიმეტრიული ვარჯით. ფოთოლი მსხვილია, უკუ–კვერცხისებრი ფორმის, მუქი მწვანე ფერის; ფოთლის კიდე დაკბილულია ბლაგვად. ყვავილობის პერიოდი ადრეული ახასიათებს. ჯიში ჩვენს პირობებში თვითსტერილია, მის საუკეთესო დამამტვერიანებლად „ანა შპეტი“ ითვლება.

ნაყოფი კვერცხისებრი ფორმისაა, მსხვილი (4,5X4,3X4,1 სმ.), ერთი ნაყოფის საშუალო წონა უდრის 40 გრამს.

ნაყოფის კანი სქელია, ღია მომწვანო–ყვითელი ფერის; ძირითად ფერზე ეტყობა უფრო მუქი მწვანე ფერის განიერი ზოლები. გარედან გადაჰკრავს თეთრი ცვილისებრი ფიფქი.

ნაყოფის ხორცი მომწვანო–ყვითელი ფერისაა. საშუალო სიმკვრივის, ნაკლებად წვნიანი, გადამწიფებისას ფხვიერი, მომჟავო–ტკბილი, სასიამოვნო გემოსი.

კურკა ნაყოფის ხორცს კარგად სცილდება და ნაყოფის წონის 3,5%–ს შეადგენს.

განსაკუთრებული მსხვილი და ლამაზი გარეგნობის ნაყოფი, უხვი მოსავალი და შედარებით კარგი გამძლეობა გარემო პირობათა უარყოფითი მოქმედების წინააღმდეგ, ქლიავის ამ ჯიშს – „ონტარიოს“ – ფართო გავრცელების პერსპექტივა აქვს საქართველოს რაიონებში. აღნიშნული ჯიში უნდა ჩაითვალოს ბაღის მოყვარულთა ზურმუხტად.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები