გოგოლი ნიკოლოზ
ნიკოლოზ გოგოლი – (უკრ. Микола Васильович Гоголь, რუს. Никола́й Васи́льевич Го́голь; 1809-1852), უკრაინელ-რუსი მწერალი. რუსული ლიტერატურის, დრამატურგიის და საზოგადოებრივი აზრის განვითარებაში გოგოლის ადგილი განუზომლად დიდია. იგი სამართლიანად ითვლება კრიტიკული რეალიზმის ფუძემდებლად. მისი შემოქმედება ახალ ეტაპად იქცა რეალისტური ხასიათის დრამატურგიის განვითარებაში.
ნიკოლოზ ვასილის ძე გოგოლი დაიბადა უკრაინის ერთ-ერთ სოფელ სოროჩინსკში. მისი წინაპრები მღვდლები იყვნენ. გოგოლის ოჯახში მართლმადიდებელ წეს-ჩვეულებებს მკაცრად იცავდნენ. მისი მშობლებიც მორწმუნეები იყვნენ, ამიტომ ქრისტიანული სარწმუნოება მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებას ერთ-ერთ ძირითად ლაიტმოტივად გასდევს.
მამა წვრილი მემამულე იყო. მას კარგი განათლება ჰქონდა მიღებული, უყვარდა პოეზია და თეატრი, წერდა კომედიებს და თავად ასრულებდა მთავარ როლებს ოჯახურ სპექტაკლებში. დედა - ნიჭიერი ქალი იყო, მჭევრმეტყველი, საკუთარ ვაჟიშვილს ბავშვობიდანვე უნერგავდა დიდ სიყვარულს ეროვნული ხალხური შემოქმედებისადმი. დედის ზღაპრები და საუბრები ღრმად აღიბეჭდა ნიჭიერი ბავშვის ცნობიერებაში.
გოგოლმა ბავშვობა სოფელ ვასილიევკაში გაატარა. 1818 წელს იგი მშობლებმა პოლტავის სამაზრო გიმნაზიაში მიაბარეს, ხოლო ორი წლის შემდეგ გადაიყვანეს ნეჟინის გიმნაზიაში. აქ გატარებულმა წლებმა დიდი გავლენა იქონია მწერლის სულიერ განვითარებაზე, მის შეხედულებათა ჩამოყალიბებაზე. სწორედ აქ სწავლის პერიოდში გოგოლი ჩამოყალიბდა, როგორც მომავალი მწერალი და მოაზროვნე.
გიმნაზიაში სწავლის პერიოდში იგი ხარბად დაეწაფა მხატვრულ ლიტერატურას და თვითონაც დაიწყო წერა. ნეჟინში ცხოვრების დროს ყველაზე მეტად თეატრალური ხელოვნებით იყო გატაცებული. როგორც მსახიობი და მხატვარ-დეკორატორი, იგი ხშირად მონაწილეობდა სპექტაკლებში, რომლებიც ადმინისტრაციის ნებართვით გიმნაზიის თეატრის სცენაზე იდგმებოდა. ყველაზე უკეთ იგი კომიკურ როლებს თამაშობდა. მიუხედავად ამისა, გოგოლი მაინც სახელმწიფო სამსახურში შესვლაზე ოცნებობდა და გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდული იმედებით შეპყრობილი, პეტერბურგისაკენ გაემართა. მას ჰქონდა მოლოდინი, რომ სატახტო ქალაქში თავისი შესაძლებლობების რეალიზაციისათვის დიდი ასპარეზი დახვდებოდა, თუმცა იმედი გაუცრუვდა.
1829 წელს მან შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ დეპარტამენტში დაიწყო მუშაობა. კანცელარიაში ყოფნამ მას სახელმწიფო სამსახურისადმი ინტერესი დაუკარგა, სამაგიეროდ, იქ მდიდარი მასალა მოაგროვა თავისი მოთხრობებისა და პიესებისათვის.
პეტერბურგის ჩინოვნიკური, ბიუროკრატიული ცხოვრების გაცნობის შემდეგ, გოგოლი ხელს იღებს სახელმწიფო სამსახურის განზრახვაზე და კვლავ ლიტერატურულ ასპარეზზე ცდის ბედს. ამ დროისათვის მან უკვე დაბეჭდა რამდენიმე მოთხრობა უკრაინულ თემებზე, რომლებმაც მოწონება დაიმსახურა. 1831 წელს მან გაიცნო ალექსანდრე პუშკინი. დიდი რუსი პოეტი ახალგაზრდა პროზაიკოსის ლიტერატურული ხელმძღვანელი გახდა. სწორედ პუშკინმა მისცა გეზი მის შემოქმედებას, ჩამოაყალიბა და დახვეწა გოგოლის გემოვნება.
1831 წელს გოგოლმა გამოსცა უკრაინული მოთხრობების პირველი კრებული „საღამოები დიკანკის მახლობლად ხუტორში“ (პირველი ნაწილი). ამ კრებულმა საერთო აღტაცება გამოიწვია. ყველა დარწმუნდა, რომ გოგოლის სახით რუსულ ლიტერატურას უნიჭიერესი მწერალი შეემატა. გოგოლისთვის დაძაბული შემოქმედებითი წლები დაიწყო. ამ დროისათვის უკვე ჩამოყალიბდა გოგოლის მსოფლმხედველობა და ბოლომდე გამოვლინდა მისი შემოქმედების ძირითადი თავისებურებები. თავისი მხატვრული შემოქმედებით გოგოლი ებრძოდა ბატონყმობასა და მის ყოველგვარ გამოვლინებას სოციალურ თუ სულიერ სფეროში. იგი ქვეყნის ცხოვრების სტილს აკრიტიკებდა. გოგოლი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მწერლის მისიას. იგი წერდა: „მხოლოდ იმ მწერალს, რომელიც დაჯილდოვებულია შემოქმედებითი ნიჭით თავად შექმნას მხატვრული სახეები, უპირველეს ყოვლისა, მართებს, საკუთარ თავში აღზარდოს სამშობლოს მოქალაქე, ადამიანი და მხოლოდ ამის შემდეგ ხელი მოჰკიდოს კალამს“. იგი საკუთარ თავს მოვალედ თვლიდა, სამშობლოს მსახურებაში ყოფილიყო.
„პეტერბურგულ მოთხრობებში“ გოგოლმა შესანიშნავი ოსტატობით დაგვიხატა დიდი ქალაქის ცხოვრებისგან დაბეჩავებული და შევიწროვებული ადამიანების არსებობა.იდეურ-მხატვრული ღირსებით გოგოლის „პეტერბურგული მოთხრობები“ („ნევის პროსპექტი“, „პორტრეტი“, „შეშლილის წერილები“, „ცხვირი“ და „შინელი“) მის ცენტრალურ ნაწარმოებებს - „მკვდარ სულებსა“ და „რევიზორს“ უახლოვდება. მათში მწერალმა თავადაზნაურულ-ჩინოვნიკური პეტერბურგის სოციალური წინააღმდეგობები ამხილა, აჩვენა საოცარი კონტრასტები სიმდიდრის და სიღარიბის, უფლებამოსილების და ჩაგვრის, დახატა უსამართლობის მძიმე სურათები წვრილ ჩინოვნიკთა ცხოვრებიდან, გვიჩვენა ე. წ. „პატარა“ ადამიანთა ტრაგედია. „შინელი“გოგოლის შედევრია. ამ ნაწარმოების შემდეგ შეურაცხყოფილი და დამცირებული „პატარა ადამიანი“ რუსულ ლიტერატურაში ერთ-ერთი დიდი ფიგურა გახდა.
გოგოლმა დრამატულ ჟანრს ხელი მოჰკიდა იმ დროს, როდესაც რუსულ სცენაზე უშინაარსო მელოდრამა და ვოდევილი იყო გამეფებული. სოციალური დრამა რუსული სცენიდან განიდევნა, რადგან თეატრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. იგი შეცვალა ფრანგულიდან გადმოკეთებულმა უშინაარსო ვოდევილმა და მელოდრამამ, რომელთაც არაფერი ჰქონდა საერთო რუსეთის ცხოვრებასთან, რუსი ხალხის ეროვნულ ხასიათთან და მათთვის დამახასიათებელ პრობლემებთან.
გოგოლი თეატრალურ ხელოვნებასა და დრამატურგიაში მთავარ პრინციპად რეალიზმს აღიარებდა. მისი აზრით, თეატრი ცხოვრების სარკე უნდა ყოფილიყო. თავის ნაწარმოებში „სპექტაკლის შემდეგ“ იგი წერს: „კომედია უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების სურათი და სარკე. მან ჩვენი ცხოვრება უნდა ასახოს სრული სიმართლით“. ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება კი, გოგოლის აზრით, არ შეეძლო არც იაფფასიან ვოდევილს და არც ყალბპათოსიან მელოდრამას. რეალიზმის დამკვიდრებასთან ერთად, გოგოლი მოითხოვდა რუსული თეატრის დემოკრატიზაციას, მის ხალხურობას.
მწერალი დენის ფონვიზინისა და ალექსანდრე გრიბოედოვისრეალისტური ტრადიციების მემკვიდრე იყო. იგი აგრძელებდა პუშკინის გზას, ავითარებდა რუსულ კრიტიკულ რეალიზმს, რეალისტურ სატირას. გოგოლის სატირის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი არსებული ბოროტებისა და უზნეობისათვის მხოლოდ თავის პერსონაჟებს კი არ აკისრებდა პასუხისმგებლობას, არამედ ყოველივე ამას გვიჩვენებდა, როგორც საზოგადოებრივ მოვლენას, განპირობებულს სოციალურ-ეკონომიკური სისტემით. ავტორმა ერთად შეკრიბა ყველანაირი გადაცდომა და უმსგავსოება, რაც რუსეთში იყო დამკვიდრებული და დაცინვის, დაუნდობელი მხილების საგნად აქცია იგი. გოგოლის სატირა ყველაზე თვალსაჩინოდ მის „რევიზორში“ გამოვლინდა. ეს არის რეალისტური სოციალური კომედიის ნოვატორული სახეობა.
1842 წელს გოგოლმა გამოაქვეყნა კომედია „ქორწინება“.