როსი ერნესტო
ერნესტო როსი – (იტლ. Ernesto Rossi, 1827-1896), - ე.წ. „წარმოდგენის სკოლის“ იტალიელი მსახიობი.
1846 წელს დაიწყო სასცენო მოღვაწეობა საგასტროლო წარმოდგენებით. ერნესტო როსიმ თავისი როლების უმრავლესობა შეასრულა რომანტიკული დრამატურგების ნაწარმოებებში: პაოლო (პელიკოს „ფრანჩესკა და რიმინი“), ანტონიო ფოსკარინი და ჯოვანი და პროკიდა (ნიკოკოლინის „ჯოვანი და პროკიდა“ და სხვ.), ასევე დიდი წარმატება მოუტანა შექსპირის გმირების როლების შესრულებამ, მათ შორის, ოტელო („ოტელო“), მაკბეთი („მაკბეთი“), რომეო („რომეო და ჯულიეტა“), ლირი („მეფე ლიარი“), კორიოლანუსი („კორიოლანუსი“) და სხვ.
როგორც მსახიობს ჰქონდა გამორჩეული პლასტიკა, ძლიერი ხმა, იცოდა ინტონაციების სწორად დასმა სცენაზე კითხვის დროს, ზედმიწევნით კარგად გრძნობდა სივრცეს. 1855 წლიდან მოყოლებული, როსმა ბევრი იმოგზაურა ევროპასა და ამერიკაში, ეგვიპტესა და თურქეთში. მან რამდენჯერმე იმოგზაურა რუსეთში და გასტროლები გამართა საქართველოშიც. 1890 წლის 27 მაისს სათავადაზნაურო ბანკში წარმოადგინა უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“, ხოლო 17 ივნისს შექსპირის „ჰამლეტი“. წარმოდგენებს დაესწრო ილია ჭავჭავაძე. მსახიობს მასპინძლობას უწევდა ილია ჭავჭავაძე. ქართველმა პოეტმა ის საგურამოშიც მიიპატიჟა სტუმრად. ერნესტო როსიმ გასტროლები ბათუმშიც გამართა.
ერნესტო როსიმ დაწერა მემუარები „არტისტული ცხოვრების 40 წელი“, სადაც საფუძვლიანად გააანალიზა თავისი ძირითადი როლები. იგი ავტორია პიესებისა „ადელი“ და „ჯარისკაცის ლოცვა“. მნიშვნელოვანია მისი ნაშრომი „ეტიუდები დრამატული ხელოვნების შესახებ“.