გუთნისდედა
გუთნისდედა – გუთნეულის მეთაური, ერქუანზე ხელის მომკიდე, ძირითადი მომუშავე. გუთნისდედა საპატიო პიროვნება იყო ძველ სოფელში, ეკონომიურად შედარებით ძლიერი.
მიწათმოქმედების ისტორია ადასტურებს რომ მიწის დამუშავებას, ხვნა-თესვას თავდაპირველად დედაკაცი მისდევდა ამის გადმონაშთი ქართულ კომპოზიტურ ტერმინშიც ჩანს მისი მეორე ნახევრის სახით (დედა). ლექსებში გუთნისდედის მიმართ ზოგჯერ პრეტენზიები ისმის: „გუთნისდედას რა აცხონებს, რა შეიყვანს საყდარშია“. ეს არა მარტო იმ მიზეზით, რომ მუშა-საქონელს ეპყრობა უდიერად, არამედ იმიტომაც, რომ უსამართლოდ ექცევა მოდგამში გაერთიანებულ დღისა და ღამის მეხრეებს. „შვიდი დღისა თითონა ხნა, არ გამივლო ერთი კვალი; პარასკევს შემატყობინა; შაბათს შენი ალო არი“. ფოლკლორში რეალისტურადაა დაფასებული გუთნისდედის როლი და მდგომარეობა: „ვინც შენ მოგყვება გუთანო, პური აქვს ძველისძველია“. აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში გუთნისდედას დიდ პატივს სცემდნენ” მის საფლავის ქვაზე ხშირად გუთნეულს ამოკვეთავდნენ.
მ. ჩიქოვანი
ლიტერატურა
- მ. ჩიქოვანი, ქ. ხალხ. სიტყქ. ისტ. 1956, გე. 231-32;
- თ, ოქროშიძე, ქ. ხალხ. შრომის პოეზია, 1961, გვ. 36-38;
- ი. ჯავახიშვილი, საქ. ეკონ. ისტორია, I, 1939, 167-68.