ჯანაშვილი დიმიტრი
ჯანაშვილი დიმიტრი (ფსევდონიმი: „ინგილო ჯანაშვილი“) (1840- 1905) — ისტორიკოსი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. მასწავლებლობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში — საინგილოში (სადაც დააარსა დაწყებითი სკოლები), ქუთაისში, თბილისში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. მისი ისტორიული და ეთნოგრაფიული წერილები, კრიტიკული სტატიები, მეცნიერული გამოკვლევები, საბავშვო თხზულებები იბეჭდებოდა იმდროინდელი ქართული და რუსული პრესის ფურცლებზე, უმეტესად ეხებოდა საქართველოს ისტორიის საკითხებს, განსაკუთრებით — საინგილოს ისტორიას და მის მდგომარეობას (აღსანიშნავია: „ქართველი ხალხის მწერლები და განათლება მე-6 საუკუნეში“, „წარსული და მომავალი ცხოვრება ინგილოებისა“). ავტორია სახელმძღვანელო წიგნებისა („ძველი აღთქმის საღმრთო ისტორია“, „ქართული გრამატიკა“). ცალკე წიგნებად გამოიცა მისი „შაჰ-აბაზის შემოსევა საქართველოში და საინგილო“ (1907) და „ისტორიული სურათები“ (1914).
ლიტერატურა
- დ. შუღლიაშვილი, დიმიტრი ჯანაშვილი, წიგნში: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული 3, 1968.