ბგერწერა
ბგერწერა – ბგერითი სიმბოლიზმი, ფონეტიკური სიმბოლიზმი, სამეტყველო ბგერებისა და ბგერათკომპლექსების ან ცალკეული ბგერითი ნიშნების დაკავშირება მნიშვნელობასთან. ხმაბაძვისაგან განსხვავებით), ბგერწერა არის სინესთეზიის ისეთი ფორმა, რომელიც ასახავს საგნის არაბგერით თვისებებს – ფორმის, სიდიდის, სიმაგრის, მოძრაობის, ადამიანისა თუ ცხოველის ფიზიოლოგიურ მდგომა�რეობის თავისებურებებს. შდრ.: ციცქნა – ძიძგნა, ცუნცული – ძუნძული, სადაც ც (ცქ) რაღაც პატარას და მსუბუქს უკავშირდება, ხოლო ძ (ძგ) – შედარებით დიდსა და მძიმეს. ასეთი დაპირისპირებები ენის ფონეტიკურ ტრადიციებთანაა დაკავშირებული და სხვადასხვა ენაში სხვადასხვაგვარია.
ბგერისა და მნიშვნელობის კავშირი ყურადღების საგანი იყო უძველესი დროიდანვე (პლატონი, მოგვიანებით ჟ.ჟ. რუსო, გ. ლაიბნიცი, ე. ჰუმბოლდტი) და უკავშირდებოდა ენის წარმოშობის საკითხებს. თანამედროვე მეცნიერებაში ბგერათსიმბოლიკის პრობლემა ფართოდ შეისწავლება ენობრივი ნიშნის ნებისმიერობის საკითხთან დაკავშირებით. ბგერათსიმბოლიკა შეისწავლება, აგრეთეე, ისეთ პრობლემებთან მიმართებით, როგორიცაა: ბავშვის მეტყველება, სტილისტიკა, ლინგვისტური ტიპოლოგია, ექსპერიმენტული ფსიქოლოგია, ფსიქოლინგვისტიკა და სხვ.
ბგერწერა ფართოდ გამოიყენება პოეზიაში და წარმოადგენს ფონიკის (სალექსო მეტყველების ბგერითი ორგანიზაციის ფორმათა სისტემა) ერთ-ერთ საფუძეელს.
ზ. ჯაფარიძე