მარი ნიკო
ნიკო მარი – (1864-1934), აღმოსავლეთმცოდნე, კავკასოლოგი, შუა საუკუნეების ქრისტიანული მწერლობის მკვლევრი, ენათმეცნიერი, ფილოლოგი, არქეოლოგი, 1912 წ-დან რუსეთის საიმპერატორო აკადემიის წევრი, შემდგომ სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის პრივატ-დოცენტი.
მისი კვლევის საგანგებო საგანს წარმოადგენდა ქართული და სომხური ისტორიოგრაფიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის საკითხები. გამოქვეყნებული აქვს ქართული და სომხური ლიტერატურების არაერთი ძეგლი, ეპიგრაფიკული წარწერა. დააარსა სერია Тексты и розыскания по армано-грузинской фолологии. წლების განმავლობაში სათავეში ედგა ანისის ნაქალაქარის არქეოლოგიურ გათხრებს. მის მიერ მოპოვებული მასალები პირველწყაროს მნიშვნელობას იძენს. არის იაფეტური თეორიის ავტორი. 1898 წელს მუშაობდა ათონის მთის ექსპედიციაში, რის შედეგები 1900 წელს გამოაქვეყნა ივირონის ქართული კოლექციის აგიოგრაფიულ ძეგლთა სრული აღწერილობა და დაიწყო მზადება ბიბლიის ქართული თარგმანის გამოცემისთვის. 1902 წ-ს ივანე ჯავახიშვილთან ერთად აღწერა სინის მთის ქართული ხელნაწერები, რომელთა აღწერილობაც გამოაქვეყნა 1940. მასვე ეკუთვნის იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს ქართულ ხელნაწერთა ერთი ნაწილის აღწერილობა. ერუსალიმურ კოლექციაზე მუშაობის შედეგად მან პირველმა შეისწავლა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებისა“ და „იერუსალიმის წარტყვევნის“ ტექსტები.