ცხუმის ერისთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:07, 12 ივნისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცხუმის ერისთავი. ც. ე. პირველად იხსენიება თამარის ისტორიკოსთან თამარის ერისთავების ჩამონათვალში. ც. ე-ად აქ დასახელებულია ოთაღო შარვაშიძე, ხოლო არგვეთის ერისთვად - ამანელისძე. ტექსტის ამ ადგილას ფრაზა „არგვეთის ერისთავი“ ავთენტური არ არის და იგი კ. კეკელიძის მიერ არის აღდგენილი. ი. ანთელავა უფრო სარწმუნოდ მიიჩნევს ვახუშტი ბატონიშვილის ანალოგიურ ცნობას, სადაც ც. ე-ად ამანელისძე არის გამოცხადებული, ხოლო ოთაღო შარვაშიძე - აფხაზეთის ერისთვად. ც-ის საერისთავო შექმნილა ეგრის-აფხაზეთის სამეფოში ისტორიული აფშილეთის ტერიტორიაზე. ვახუშტის ცნობით, საერისთვოს ფარგლებში შედიოდა მიწა-წყალი „ეგრის-იქით ანაკოფია ალანითურთ“. თამარის მეფობის პერიოდში ც. ე-ები ამანელისძეები იყვნენ. ამ საგვარეულოს აღმატებულ მნიშვნელობას ცხადყოფს მისი წარმომადგენლების მონაწილეობა მეფედ კურთხევის ცერემონიალში. მეტი ცნობა ც. ე-თა შესახებ „ქართლის ცხოვრებას“ არ შემოუნახავს. ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც, როგორც ჩანს, უფრო ძველ და სარწმუნო წყაროს ემყარებოდა, მოგვითხრობს, რომ ც-ის საერისთვოს არსებობას საფუძველი შეერყა XIV ს-ის დასაწყისში, როცა ოდიშის სამთავრომ იწყო გაძლიერება. გიორგი (II) დადიანმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა დავით ნარინის შვილებს შორის ქიშპობა და მიიტაცა ცხუმი - „დაიპყრა სრულიად ოდიში ანაკოფიამდე“. ამის შემდგომ საქართველოს მეფეებმა ცხუმის საერისთავოს დადიანების სამფლობელოდ აღიარებდნენ.

წყაროები და ლიტერატურა

ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 27, 33; ვახუშტი 1973: 258, 269, 796, 801; ქისკ 1984: 161, 163; ანთელავა 1988: 46; ბახტაძე 2003: 245.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები