დიდი ჩვამა
აღწერილია 7 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ატლანტური დიდი ჩვამა – Ph. c. sinensis Shaw et Nodder, 1801.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის არეალი მოიცავს მთელ ევროპას, აზიას, ავსტრალიასა და ჩრდილოეთ ამერიკას. სსრ კავშირში ბუდობს. კოლის ნახევარკუნძულზე, კასპიისა და შავ ზღვებზე, დიდი მდინარეების მეშვეობით იჭრება ქვეყნის სიღრმეშიც, აგრეთვე ყაზახეთისა და დასავლეთი ციმბირის ტბებზე. მდ. ობის აღმოსავლეთით და მდ. ენისეიზე არ არის, მაგრამ არის ბაიკალზე, ამურსა და სამხრეთ ზღვისპირეთში. საკმაოდაა შუა აზიის ტბებზე. ჩვენში ზამთრობს შავ და კასპიის ზღვებზე. საქართველოში მობინადრეა, მაგრამ ზამთარში მათ ემატება სხვა ადგილებიდან მოფრენილნიც.
ბიოტოპი
ბინადრობს თევზით მდიდარ დამდგარ ან მდორე წყალსატევებზე, სუფთა წყლითა და ტყიანი, ხშირად კლდოვანი ნაპირებით ან კარგად განვითარებული ლელითა და სხვა წყლის მცენარეულობით.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია, ბუდობს კოლონიებად. ბუდეები განლაგებულია ლელიანში ან ხეებზე, კლდეზე და ა. შ. ბუდის ასაგებად იყენებს წყლის მცენარეებს, ხის წვრილ ტოტებს, წნელებს და სხვ. აპრილში დებს 3–5 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 23 24 დღეს გრძელდება. მართვეები იჩეკებიან ტიტველი და თვალებაუხილველნი. ისინი ორი კვირის შემდეგ იფარებიან მოშავო ფერის ღინღლით. მშობლები მათ კვებავენ 2 თვის ასაკამდე. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3 წლის ასაკში.
კვება
წყალთან დაკავშირებულია მხოლოდ კვების დროს. საკვებს შეადგენენ თევზები, რომელთაც იჭერს ცურვითა და ყვინთვით. თევზებზე ნადირობა ხშირად გუნდურად მიმდინარეობს, ზოგჯერ – ვარხვებთან ერთად.
მნიშვნელობა
სადაც ეს ფრინველი რიცხვმრავალია, თევზების განადგურებით არსებითი ზიანის მოტანა შეუძლია. თვითონ ფრინველი, დაბალი ღირსების ხორცის გამო, საკვებად არ გამოიყენება.