კრიტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:07, 23 ივლისი 2025-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კრიტიკა − (ბერძნ. kritikē, განსჯა, შეფასება), ლიტერატურისმცოდნეობის ერთ-ერთი ძირითადი დარგი, რომელიც მოიცავს ლიტერატურის როგორც თეორიის, ისე ისტორიის გარკვეული არსებითი ნიშნების სინთეზს. მის საგანსა და დანიშნულებას შეადგენს თანამედროვე ლიტერატურის იდეურ-მხატვრული განხილვა, შეფასება, კომენტირება, „სიმშვენიერისა და ნაკლის გახსნა“ თანამედროვეობის ესთეტიკური და საზოგადოებრივი იდეალების შესაბამისად. კრიტიკოსი არკვევს, თუ რამდენად პასუხობს ამა თუ იმ მწერლის შემოქმედება ან რომელიმე ცალკეული ნაწარმოები, ანდა, საერთოდ თავისი დროის მთელი ლიტერატურული ცხოვრება მოქმედ საზოგადოებრივ-ესთეტიკურ იდეალებს, ე. ი. რამდენად შეესაბამება იგი ეპოქის ჭეშმარიტ სულისკვეთებასა და თვით ლიტერატურის წინსვლის, აღორძინების ინტერესებს. ამიტომ იგი ლიტერატურის თეორიასა და ისტორიაზე დაყრდნობით საგანგებოდ მსჯელობს, თუ რა მიღწევა აქვს ან რა აკლია თანამედროვე ლიტერატურას, რა გზით უნდა ვითარდებოდეს ის, როგორი ლიტერატურაა ყველაზე სრულყოფილი და ნამდვილი.

აღნიშნულის გამო კრიტიკა ერთსა და იმავე დროს ლიტერატურის განვითარების უშუალო ნაწილსაც წარმოადგენს და დიდმნიშვნელოვან ფაქტორსაც. იგი თავის დანიშნულებას მით უფრო წარმატებით ახორციელებს და ამის შედეგად მით უფრო დიდ როლს ასრულებს თავისი დროის მხატვრული კულტურის განვითარებაში, რაც უფრო უკეთ ეფუძნება და გამოხატავს ეპოქის მოწინავე იდეებსა და ესთეტიკურ იდეალებს.


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები