ქარტაშოვი სიმონ
სიმონ გრიგოლის ძე ქარტაშოვი (კარტაშიანი) – (01.02.1856 – 1917), სომეხი გენერალ-მაიორი (30.11.1916).
დაიბადა ქ. ტფილისში. განათლება მიიღო ტფილისის გიმნაზიაში. სამხედრო სამსახურში შევიდა 1876 წელს. დაამთავრა ტფილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი და გამოშვებულ იქნა ახალციხის 162-ე ქვეით პოლკში. მონაწილეობდა (1877-1878) წლების რუსეთ-თურქეთის ომში. ომის შემდეგ დაამთავრა ოფიცერთა მსროლელი სკოლა. მეთაურობდა ასეულს. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) წლების ომში. დაიჭრა და იყო მიწერილი მე-2 კლასის დაჭრილთა რიგებში.
1906 წლის 27 ოქტომბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. პირველი მსოფლიო ომის დამდეგს იმყოფებოდა თადარიგში. ომის დაწყებისთანავე დაინიშნა კიევის სამხედრო ოლქის შტაბის განკარგულებაში მყოფ გენერლად.
1915 წლის 28 ნოემბერს დაინიშნა 22-ე სათადარიგო ქვეითი ბრიგადის უფროსად.
1917 წლის 20 მაისს დროებითი მთავრობის მიერ გაშვებულ იქნა თანამდებობიდან.
საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო რუსეთის ორდენებით:
წმ.ანას IV (მამაცობისათვის -1878) და II ხარ.(მახვილებით - 1905);
წმ.სტანისლავის II (1897), მახვილებით II ხარ. (1905) და I ხარ. (1916);
წმ.ვლადიმერის IV (ოცდახუთწლიანი უმწიკვლო სამსახურისათვის - 1902) და III ხარ. (1915).