ლისინოვი ვიქტორ
ვიქტორ ბოგდანის-ძე ლისინოვი (ლისინიანი) – (23.11.1896-09.10.1971),სომეხი გენერალ-მაიორი (1943). დაიბადა ტფილისში.
1915-1917 წლებში მსახურობდა მეფის არმიაში, ტფილისში 218-ე სათადარიგო ბატალიონში.
1915 წელს დაამთავრა გორის პრაპორშჩიკთა სკოლა. სკოლის დამთავრებისთანავე მიენიჭა პრაპორშჩიკის წოდება და დაინიშნა ოცმეთაურად 156-ე სათადარიგო ქვეით ბატალიონში ქ. ასტრახანში.
1915 წლის ბოლოს გადაყვანილ იქნა მოქმედ არმიაში, კავკასიის მე-3 მსროლელი დივიზიის კავკასიის მე-10 მსროლელ პოლკში - ოცმეთაურად. იბრძოდა დასავლეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთის ფრონტებზე.
1917 წლის ოქტომბრის შემდეგ დაბრუნდა ტფილისში.
1918-1919 წლებში მობილიზებული იქნა ქართულ ჯარში, სადაც მსახურობდა ოცმეთაურად.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ 1921 წლიდან, მსახურობდა წითელ არმიაში, ბათომში და დაინიშნა I ქართული პოლკის ასეულის მეთაურის თანაშემწედ.
1922 წელს დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლის, სამეთაურო შემადგენლობის განმეორებითი კურსები და დატოვებულ იქნა სასწავლებელში, სადაც მსახურობდა ოცმეთაურად, ასმეთაურად და ბატალიონის მეთაურად.
სკოლების შერწყმის შემდეგ,1927 წელს დაინიშნა ბატალიონის მეთაურად აჭარის ცაკ-ის სახ. კავკასიის I მსროლელ დივიზიაში, ხოლო 1929 წლიდან ასრულებდა კავკასიის მე-4 მსროლელი პოლკის შტაბის უფროსის თანამდებობას (ქ. განჯა).
1930 წელს აზერბაიჯანის ტერიტორიის ქედაბეკის რაიონში იაგუბლინის ბანდის წინააღმდეგ წარმოებულ ოპერაციის დროს, როგორც რაზმის უფროსმა გადააჭარბა თავის უფლება- მოვალეობას და გადაეცა კავკასიის არმიის სამხედრო ტრიბუნალის სასამართლოს.
1931 წლის იანვარში სამთავრობო კომისიის მიერ ვადაზე ადრე განთავისუფლდა და დაინიშნა ოსოავიაქიმის ამიერკავკასიის საბჭოში საბრძოლო მომზადების ინსპექტორად და მსროლელი კომიტეტის მდივნად.
1931-1934 წლებში იმყოფებოდა თადარიგში.
1934 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის მილიციის სამმართველოს უფროს ინსპექტორად.
1935 წელს დაინიშნა შინსახკომის მუშურ-გლეხური მილიციის ამიერკავკასიის (ტფილისის) სკოლის სასწავლო განყოფილების უფროსად.
1941 წლის ოქტომბერში მისივე თხოვნით გადავიდა მილიციიდან წითელ არმიაში და დაინიშნა ამიერკავკასიის ფრონტის 44-ე არმიის, მე-400 მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსის თანაშემწედ ზურგის დარგში და მე-5 განყოფილების უფროსად.
1942 წლის თებერვალში დაინიშნა 217-ე საარმიო სათადარიგო მსროლელი პოლკის შტაბის უფროსად და მონაწილეობდა ქერჩის ნახევარკუნძულზე წარმოებულ ბრძოლებში, მოგვიანებით მეთაურობდა ამავე პოლკს.
1943 წლის თებერვლიდან მეთაურობდა ჩრდილო-კავკასიის ფრონტის 103-ე კურსანტთა ცალკეულ მსროლელ ბრიგადას. იმავე წელს მიიღო 56-ე არმიის 242-ე სამთო-მსროლელი დივიზიის მეთაურობა. დივიზიამ მიიღო მონაწილეობა ნოვოროსიას-ტამანის შეტევით ოპერაციაში.
1943 წლის 9 ოქტომბერს დივიზიამ მიიღო სახელწოდება −,,ტამანის,, და შევიდა ზღვისპირა არმიაში. 1944 წლის იანვარში გადალახა ქერჩის სრუტე და ძალთა ნაწილთან ერთად იცავდა ქერჩის პლაცდარმს, და სხვა ძალებთან ერთად იცავდა აზოვის ზღვისპირეთს. მონაწილეობდა პოლონეთის და ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლებაში.ომის შემდეგ მეთაურობდა დივიზიას კარპატისპირეთის სამხედრო ოლქში.
1946-1951 წლებში მსახურობდა 38-ე არმიის საბრძოლო და ფიზიკური მომზადების განყოფილების უფროსად.
1951 წელს, ჯანმრთელობის გამო გადადგა სამხედრო სამსახურიდან.
დაჯილდოებული იყო:
ლენინის (1951), წითელი დროშის (1943,1944,1946); სუვოროვის II ხარ.(1945), წითელი ვარსკვლავის (1942), მედლით ,,საბრძოლო დამსახურებისათვის~ (1944).
მიღებული ჰქონდა ჩეხოსლოვაკეთის ჯილდოები: თეთრი ლომის ორდენი და სამხედრო ჯვარი. დაკრძალულია ქ. თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.