მტკვრის გოჭალა
მტკვრის გოჭალა – Nemachilus brandti Kessler 1877
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თვზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: ხლაკუნასებრნი
გვარი:გოჭალები
თევზის სახეობა გოჭალების გვარისა. კუდის ფარფლი ძლიერ ამოკვეთილია (ამოკვეთის სიღრმე განსხვავებულია) წაწვეტებული (წამახვილებული) ლაპოტებით. ზედა ყბაზე სუსტად განვითარებული კბილისებური მორჩი აქვს. სხეულის უდიდესი სიმაღლე მის სიგრძეში (კუდის ფარფლის ფუძემდე), 6.2 – 6,6-ჯერ თავსდება, ხოლო სხეულის მთლიან სიგრძეში 7-8 ჯერ. სხეულის უმცირესი სიმაღლე კუდის ღეროს სიგრძეში 2,2-3,0-ჯერ თავსდება. მკერდის ფარფლები 1,3-1,7-ჯერ თავსდება მკერდისა და მუცლის ფარფლთა შორისეულ მანძილში. მუცლის ფარფლები ანალურ ხვრელამდე აღწევენ. ანტიდორსალური მანძილი ზურგის ფარფლის საწყისიდან კუდის ფარფლის ფუძემდე არსებული მანძილის ტოლია. შუათანა ულვაშები თვალის უკანა კიდემდე ვერ წვდებიან. ქერცლი მეტად წვრილია. სხეულზე უსწორმასწორო ფორმის მუქი რუხი ლაქები და ზოლებია. ყველა ფარფლზე მუქი წინწკლების მწკრივებია. კუდის ფარფლზე მეტ-ნაკლებად ფართო მუქი ზოლი აქვს, რომელიც ხშირად ორმაგია.
მცირე ზომის თევზებია და სიგრძით 85 მმ-მდე აღწევენ. გავრცელებულია მტკერისა და არეზის აუზებში და მათ შენაკად მდინარეებში.