კახიძე ნათელა
ნათელა კახიძე – ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა 1963 წლის 21 ოქტომბერს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ზედა ჩხუტუნეთში.
1980 წელს დაამთავრა ჩხუტუნეთის საშუალო სკოლა, 1982 წელს – 76-ე პროფტექნიკური სასწავლებელი (წარჩინებით) „მეაპარატე-სტერილიზატორის“ სპეციალობით, 1999 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით).
მწერლის პირველი ნოველა („თეონა და ნიკა") 1983 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ჭოროხში"; ავტორია ნოველების კრებულებისა: „მოლოდინი“ (1992), „იდილია“ (1998), „შადა“ (2001), „შხუნა“ (2004), „მე შენ მიყვარხარ“ (2014), „დახეული ბარათები“ (2015).
მონოგრაფიებისა: „ხევისბერი“ (მაჭახლის ხეობის ბერმუხის სულხან კახიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ), „მკურნალი ლივანის ხეობიდან“ (მარადიდელი ექიმის როლანდ დიდმანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ). რედაქტორია არაერთი წიგნისა.
1983-1991 წლებში მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონის არასაუწყებო ორგანიზაციაში. 1992 წლიდან ჩხუტუნეთის საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. 2010 წლის 25 მარტიდან საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრია.