კარპატები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:00, 30 აპრილი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარპატები – მთათა სისტემა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

კარპატების ბუნების სპეციფიკურობას ალპური ევროპის ფონზე განსაზღვრავს მისი შედარებით შიდაკონტინენტური მდებარეობა და ნაკლებად მკაცრი, შედარებით სუსტად დანაწევრებული საშუალომთიანი რელიეფი.

მისი ტერიტორია სლოვაკეთის, პოლონეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და უკრაინის ფარგლებშია. ტექტონიკურად კარპატები წარმოადგენს ალპების გაგრძელებას, რომლისგანაც გამოყოფილია ვენის ქვაბულით, რომელზეც გაედინება დუნაი. ალპებთან ერთად იგი განეკუთვნება ალპური დანაოჭების სისტემას, თუმცა დანაოჭების ფაზები დროში წინ უსწრებდა ალპების დანაოჭებას.

მთიანი სისტემა წარმოქმნის ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ გამოზნექილ რკალს, რომლის სიგრძე დაახლოებით 1500 კმ-ს შეადგენს, მაქსიმალური სიგანე სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთზე 430 კმ-მდეა, ხოლო მინიმალური (120 კმ) − დასავლეთი და აღმოსავლეთი კარპატების მიჯნაზეა.

კარპატები დასავლეთით იწყება ზემო დუნაის ხეობიდან მდინარე მორავას შესართავის სიახლოვეს და გრძელდება „რკინის ჭიშკრამდე“ (დუნაის კანიონისმაგვარი ხეობა კარპატების და ბალკანების შესაყარზე).

კარპატები ხასიათდება საშუალომთიანი რელიეფით. მისი საშუალო სიმაღლე დაახლოებით შეადგენს 1000 მ-ს, ხოლო მაქსიმალური – 2655 მ-ს (მწვერვალი გერლახოვსკი-შტიტი).

სარჩევი

რელიეფი

რელიეფის ხასიათის (გარკვეულწილად ლანდშაფტისაც) მიხედვით კარპატების მთიანი რკალის ფარგლებში სამი ძირითადი ნაწილი გამოიყოფა: დასავლეთი, აღმოსავლეთი და სამხრეთი კარპატები. დასავლეთი კარპატები აგებულია ძველი კრისტალური ქანებით და მეზოზოური კირქვებით და ხასიათდება ყველაზე მაღალმთიანი ალპური რელიეფით, რომელშიც ნათლად ჩანს ძველი გამყინვარების ფორმები (კარები, ცირკები). სლოვაკეთის და პოლონეთის საზღვარზე აღიმართება კრისტალური მასივები - მაღალი ტატრები (მწვერვალი გერლახოვსკი-შტიტი, 2655 მ) და დაბალი ტატრები. მაღალი ტატრებიდან ჩრდილოეთით ოროგრაფიულად ნათლად გამოიყოფა ურთიერთპარალელური მთაგრეხილების ზოლი – დასავლეთი, ანუ მაღალი ბესკიდები და აღმოსავლეთი, ანუ დაბალი ბესკიდები. ამ უკანასკნელის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის ფარგლებშია და მას ტყიან, ანუ უკრაინის კარპატებსაც უწოდებენ. გერლახოვსკი-შტიტის მასივიდან კარპატების განედური მიმართულება იცვლება სუბმერიდიანულით, ხოლო შემდგომ – მერიდიანულით. ეს მონაკვეთი აღმოსავლეთი კარპატებია, რომელიც უმეტესად დანალექი ქანებით არის აგებული. აღმოსავლეთ კარპატების გარეთა მხარეს მდებარეობს მთისწინა პლატო – მოლდავეთის მაღლობი, რომელიც ხასიათდება კარსტული რელიეფით,შიდა მხარეზე გაუყვება ვულკანური ქედი, რომელიც წარმოქმნილია ჩამქრალი ვულკანებისაგან. ქალაქ ბრაშოვის განედზე მთები მკვეთრად იცვლის მიმართულებას მერიდიანულიდან განედურზე. მთების განედური მონაკვეთი ატარებს სამხრეთ კარპატების, ანუ ტრანსილვანიის ალპების სახელს, რომელიც აგებულია ძველი კრისტალური ქანებით და სიმაღლით მცირედ ჩამორჩება მაღალ ტატრებს (მწვერვალი მოლდავიანუ, 2543 მ). მის ფარგლებში გამოხატულია ალპური რელიეფის ნიშნები ძველი გამყინვარების ფორმებით. აღმოსავლეთი და სამხრეთი კარპატების მიერ წარმოქმნილი რკალის (მუხლის) შიგნით მდებარეობს კარპატების ყველაზე ვრცელი მთათაშორისი – ტრანსილვანიის პლატო (500-800 მ), რომლის ზედაპირი დანაწევრებულია ტისის სისტემის მდინარეებით. დასავლეთიდან პლატო შემოფარგლულია დიდი სიღრმის ტექტონიკური და ეროზიული ხეობებით დანაწევრებული პლატოსმაგვარი ვულკანური და კრისტალური მასივებით, რომელთა ერთობლიობა ატარებს დასავლეთ რუმინეთის მთების სახელს. იგი მაქსიმალურ სიმაღლეს (1848 მ) აღწევს ბიხორის მასივზე.

ჰავა

კარპატები უმეტესად ალპების განედებში მდებარეობს, მაგრამ ატლანტის ოკეანის გავლენისაგან გაცილებით უფრო დაცილებით და მოფარებულად, თანაც ზომიერად კონტინენტური აღმოსავლეთ ევროპის მეზობლად, რის გამოც ჰავა როგორც ვაკეზე, ისე მთებში ალპებთან შედარებით კონტინენტური ნიშნების მატარებელია და ნაკლებად ზღვიურია. ზაფხული ვაკეებზე და მთისწინეთებში თბილი და ზომიერად ცხელია (საშუალო ტემპერატურა პლიუს 20-22°, მაქსიმალური 40°). დაახლოებით 800 მ სიმაღლეზე ზაფხული გრილია (პლუს 14- 15°), ხოლო ყველაზე მაღალ მასივებზე ტემპერატურა ეცემა პლუს 4-5°-მდე.

ზამთარი ვაკეებზე ზომიერად ცივია (საშუალოდ ნული – მინუს 2°), მაგრამ აბსოლუტური მინიმუმი შეიძლება დაეცეს მინუს 30°-მდე. მაღალმთიან ზონაში იანვრის საშუალო ტემპერატურა მინუს 10°) დაბალია. ნალექები რელიეფთან დაკავშირებით უთანაბროდ არის განაწილებული, თანაც რაოდენობა ალპებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. ყველაზე მეტი ნალექი(800- 1000 მმ) მოდის დასავლეთ კარპატების ჩრდილო-დასავლეთ კალთებზე, ყველაზე ნაკლები – ტრანსილვანიის ზეგანზე (500-600 მმ). ყველაზე ნალექიანია ზაფხულის თვეები. მთების უმეტეს ნაწილზე თოვლის მდგრადი საბურველის ხანგრძლივობა ხუთ თვემდეა, ხოლო ყველაზე მაღალ მთებში თოვლის ლაქები ზაფხულის მიწურულამდე ძლებს.

შიდა წყლები

კარპატების მთიანი ოლქის უმეტეს ნაწილზე ჰავა და რელიეფი ხელსაყრელია ზედაპირული ჩამონადენის წარმოსაქმნელად. რეგიონის ძირითადი ნაწილი განეკუთვნება დუნაის და შავი ზღვის აუზს, მხოლოდ უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილს გააჩნია ჩამონადენი ბალტიის ზღვაში (ვისლას ზემო დინება). ზედაპირის უმეტესი ნაწილი დანაწევრებულია დუნაის მარცხენა შენაკადების ხეობებით, რომელთაგან უმთავრესია ტისა.

მდინარეთა საზრდოობის ძირითადი წყაროებია წვიმისა და თოვლის ნადნობი წყალი, მთავარი წყალდიდობა გაზაფხულზეა.

კარპატებში ბევრია მყინვარული წარმოშობის მცირე სიდიდის ტბა. თანამედროვე გამყინვარება კარპატებში არაა გამოხატული.

მცენარეთა საფარი

თითქმის მთელი კარპატები განლაგებულია ფართოფოთლოვანი ტყეების ბუნებრივ ზონაში, რომელიც სიმაღლით იცვლება შერეული ტყეებით, ხოლო ტყის ზედა სარტყელს ქმნის წიწვოვანი ტყეების ზონა მთის ეწერ ნიადაგებზე. ტყეების გავრცელების ზედა საზღვარი ადამიანის სამეურნეო საქმიანობის გავლენით ყველგან დაწეულია ჩრდილოეთში 1500, ხოლო სამხრეთში 1600-1800 მ-მდე. ტყეებს სიმაღლით ცვლის სუბალპური ტყე-მდელო ბუჩქნარი, ხოლო დასავლეთ და სამხრეთ კარპატებში მნიშვნელოვანი ფართობი უკავია ალპურ მდელოთა ლანდშაფტს.

კარპატების მთიანმა ეკოსისტემებმა გარეული ფაუნა შუა ევროპის სხვა რეგიონებთან შედარებით უკეთესად შემოგვინახა.

ბუნებრივი რესურსები

კარპატების წიაღში თავმოყრილია მდიდარი მინერალური რესურსები, რომელთაგან პირველ რიგში აღსანიშნავია ნავთობისა და ბუნებრივი აირის დიდი მარაგი (რუმინეთი). რუმინეთის ტერიტორიაზე ასევე კონცენტრირებულია შავი, ფერადი და ძვირფასი ლითონების (მაგნეტიტი, ტყვია-თუთია, სპილენძი, ვერცხლი, ოქრო და სხვ.), აგრეთვე ბოქსიტების დიდი მარაგი. რეგიონის მნიშვნელოვანი სიმდიდრეა ნიადაგ-კლიმატური და ჰიდროენერგეტიკული, აგრეთვე რეკრეაციული რესურსები.

რეგიონული ხასიათის ბუნების კონტრასტები კარპატების მთიანი ოლქის ფარგლებში ყველაზე ნათლად ჩანს დასავლეთ და სამხრეთ კარპატების და ტრანსილვანიის პლატოს მიხედვით, რომლებიც შეიძლება გამოყოფილ იქნეს ქვეოლქებად.


წყარო

ევროპის ფიზიკური გეოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები