ართხურონი
ართხურონ-ი (ოს. Æртхурон – „მზიური ცეცხლი“) – 1. ცეცხლისა და კანის დაავადებათა მფარველი ღვთაება ოსურ მითოლოგიაში; ლოცვის ტექსტების მიხედვით, არის შუამავალი ღმერთსა და ადამიანებს შორის და შეუძლია ამ უკანასკნელებისათვის უზენაესს (ხუცაუს) გულმოწყალება და კეთილდღეობა გამოსთხოვოს.
2. ღვთაება ართხურონის სახელობის რიტუალური ღვეზელი, რომელსაც საახალწლოდ ყოველი ოსის ოჯახი აცხობდა და აცხობს დღესაც (ოსური ენის დიგორულ დიალექტით მას როზინგა ჰქვია). ეს არის დიდი ზომის ხაჭაპური, რომლის ზედაპირი დაქსელილია ცენტრიდან კუთხებისკენ მიმავალი სხივისებური ხაზებით (ამ მხრივ იგი მზის დისკოს მოგვაგონებს და ამდენად შესაძლებელია, ართხურონი მზის ემბლემასაც წარმოადგენს). ართხურონი (როზინგა) იმდენ ნაწილად იჭრებოდა, რამდენი წევრიც იყო ოჯახში. უფრო მეტიც, ართხურონში წილი ედო თვით დედის მუცელში მყოფ ჩანასახს; ამიტომ ფეხმძიმე ქალს ღვეზელის ორი ნაჭერი ეკუთვნოდა. ართხურონი მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის იყო განკუთვნილი და ღვეზელით სტუმრის გამასპინძლება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა.
ლიტერატურა
- Берзенов Н. Г. Новый год у осетин Владикавказского округа // Кавказ. 1850. № 2;
- Чибиров Л. А. Народный земледельческий калкндарь осетин. Цхинвали, 1976;
- Уарзиати В. Праздничный мир осетин. Владикавказ, 1995;
- Уарзиати В. С., Чибиров Л. А. Календарная и праздничная обрядность // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი2017