ესაძე სიმონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიმონ ესაძე

ესაძე სიმონ სპირიდონის ძე - (1868 - 1927) - ქართველი სამხედრო და საზოგადო მოღვაწე, სამხედრო ისტორიკოსი, არქივარიუსი და კინოდოკუმენტალისტი, რუსეთის საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკი და ქართული არმიის გენერალი.

დაიბადა ქუთაისის მაზრის ქალაქ ოზურგეთში, ოფიცრის ოჯახში. დაამთავრა სიმბირსკის კადეტთა კორპუსი 1886 წელს და კონსტანტინეს მე-2 სამხედრო სასწავლებელი 1888 წელს (I თანრიგით).

სამხედრო სამსახური დაიწყო 37-ე ეკატერინბურგის ქვეით პოლკში. 1894-1901 წლებში მსახურობდა264-ე ლორეს ქვეით პოლკში. 1901-1909 წლებში მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის სამხედრო ისტორიული განყოფილების რედაქტორის მოვალეობის შემსრულებლად. 1909-1911 წლებში იყო ამავე განყოფილების რედაქტორი.

1909 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1911 წელს იყო მივლინებული ქალაქ სტავროპოლსა და თემირხანშურაში საგუბერნიო საარქივო მასალების დასალაგებლად და მოსაწესრიგებლად.

1911-1918 წლებში მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის სამხედრო-ისტორიული განყოფილების უფროსად, ამავდროულად მუშაობდა რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის აღწერის კომისიის თავმჯდომარედ.

1913 წელს რუსეთში რომანოვების დინასტიის მეფობის 300 წლისთავის აღსანიშნავად იმპერიაში დაიგეგმა სხვადასხვა სახის სადღესასწაულო ღონისძიება, ასევე გადაწყვიტეს გადაეღოთ სრულმეტრაჟიანი ფილმი ,,კავკასიის დაპყრობა“, რომლის სცენარის დაწერა და კონსულტირება შეუკვეთეს კავკასიის სამხედრო-ისტორიული მუზეუმის თანამშრომელ სიმონ ესაძეს. ფილმის გადასაღებად ჯგუფი რუსეთიდან ჩამოვიდა.სიმონ ესაძე კი, ამ ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამასთანავე მიიღო ნებართვა, რომ პროექტისათვის გამოეყენებინა სამხედრო-ისტორიული მუზეუმის საექსპონატო მასალები. ასევე მან მიიღო მსხვილი დახმარება მოსამზადებელი პერიოდისათვის, რომ შემოევლო ყველა ის ადგილი, სადაც შემდგომ გადაიღებდა ფილმს. ,,კავკასიის დაპყრობა“ იყო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ასახული იყო ერეკლე II-ის მეფობის პერიოდიდან XIX საუკუნის 60-იან წლებამდე მიმდინარე ძირითადი ისტორიული მოვლენები. იგი ფილმში აღწერდა რუსეთის არმიის ძლევამოსილ ომებს ოსმალების, სპარსელების და ასევე, შამილის მიერ აჯანყებული მთიელი კავკასიელების წინააღმდეგ.

1914 წელს, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, სიმონ ესაძემ კინემატოგრაფიული საზოგადოება ,,მინერვადან“ მიიღო შემოთავაზება, რომ გადაეღო ომის ამსახველი ქრონიკის ეპიზოდები დასავლეთის ფრონტზე, ავსტრიისა და გერმანიის ტერიტორიებზე. მას ასევე დიდი სურვილი ჰქონდა გადაეღო ფილმი შამილის თანამებრძოლ ჰაჯი მურადზე. ბევრი იმუშავა, მოაგროვა უამრავი მასალა, წერდა სცენარს, მაგრამ ამ ფილმის კინემატოგრაფიული ხორცშესხმა ვერ მოხდა. სიმონ ესაძე თავადაც მონაწილეობდა ერთ ფილმში, რომელიც ვასილ ამაშუკელს ეკუთვნოდა. ფილმს ერქვა ,,ღუნიბის პოლკის აღლუმი კაპიტან სიმონ ესაძის მეთაურობით“.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის წლებში (1918-1921 წწ.) სიმონ ესაძე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-ისტორიული არქივის უფროსი, ქართული არმიის არქივისა და მუზეუმის უფროსი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ- ქემალისტური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, საქართველოს მთავრობის წევრებისა და ქართველი გენერალიტეტის მსგავსად ემიგრაციაში არ წასულა და დარჩა სამშობლოში. მსახურობდა ქართულ ჯარში, გენერალური შტაბის სამხედრო-ისტორიული არქივის უფროსად. 1921-1923 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი საარქივო სამმართველოს სამხედრო სექციის უფროსად. 1923-1927 წლებში მუშაობდა სამხედრო-ისტორიული არქივის უფროსად. მისი რედაქტორობით გამოიცა ,,კავკასიის კრებულის” 14 ტომი, რომელშიც გაშუქებულია 1826-1828 წწ. სპარსეთთან, 1828-1829 წწ. თურქეთთან და 1823-1845 წწ. მიურიდიზმთან ომების ისტორია.


1898 წელს გამოვიდა მისი წიგნები: „ტვერის დრაგუნები კავკასიაში“ და „აღმოსავლეთის ომი”; შემდეგ შექმნა ფუნდამენტური ნაშრომები კავკასიის ისტორიის საკითხებზე: „ისტორიულიწერილები კავკასიის მმართველობის შესახებ”, „ღუნიბის აღება და შამილის დატყვევება”, „ისტორიული ნარკვევი კავკასიის ომების შესახებ ჩეჩნეთსა და დაღესტანში”, „დასავლეთ კავკასიის დამორჩილება და კავკასიის ომების დასასრული”;

ესაძე ითვლებოდა რუსი სამხედროი სტორიკოსის ვ. ა. პოტოს მოწაფედ. მას ეკუთვნის შრომები რუსეთის იმპერიის არმიის ცალკეული ნაწილების, კავკასიის ომის ისტორიის შესახებ და სხვ. აშუქებდა რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობის საკითხებს. კაპიტალური ნაშრომი მიუძღვნა კავკასიაში რუსეთის ადმინისტრაციული მართვის ისტორიას. დიდი დამსახურება მიუძღვის კავკასიის არმიის შტაბების, კორპუსებისა და ნაწილების არქივების მოწესრიგებასა და შენარჩუნებაში. თანამშრომლობდა მწერალ ლევ ტოლსტოისთან და აწვდიდა მას კავკასიის ომების ამსახველ მასალას მოთხრობა „ჰაჯი მურატისათვის“.

გენერალი ესაძე, ამავე დროს იყო ქართული დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი პიონერი. 1908- 1909 წლებში შექმნა კინოქრონიკა კავკასიის არმიის ცხოვრებიდან, ხოლო 1915 წელს გადაიღო ფირი კავკასიის ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების შესახებ; 1913 წელს, ოქტომბერში ეკრანებზე გამოვიდა მისი სცენარითა და მონაწილეობით შექმნილი ფილმი ,,ღუნიბის აღება”, რომელიც გადაიღეს კინომრეწველებმა ტალდიკინმა და ა. დრანკოვმა;

1915 წელს მას მიეცა კინოფოტოგადაღებების უფლება კავკასიის ფრონტზე. 1916 წელს გადაიღო ფილმები ,,არზრუმის დაცემა”, ,,ტრაპეზუნდის აღება”, ,,დაპყრობილი თურქული ქალაქები”; იგი თან ახლდა მოიერიშე ჯარის ნაწილებს, რომლებიც არზრუმს უტევდნენ და ამავე დროს აწარმოებდა კინოგადაღებას;

შემოქმედებითი ურთიერთობა ჰქონდა კინორეჟისორ და ოპერატორ ვასილ ამაშუკელთან, ალექსანდრე წუწუნავასთან, მიუნხენის თეატრის რეჟისორ ლ. ჩერნისთან და სხვ. 1917-1918 წლებში მან გამოყო გადასაღები აპარატი კინოფილმ „ქრისტინეს“ გადასაღებად. ესაძემ ფირზე აღბეჭდა ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაში, როგორიც იყო ბათუმის სამშვიდობო კონფერენცია 1918 წელს.

სიმონ ესაძე აშუქებდა რუსეთ-საქართველოს ისტორიული ურთიერთობების საკითხებს. თავის გამოკვლევებში ცდილობდა დაედგინა საქართველოს ადგილი და მნიშვნელობა რუსეთის კავკასიის პოლიტიკაში. აქვს აფხაზეთის ისტორიისადმი მიძღვნილი საინტერესო გამოკვლევები. რუსეთის სამოქალაქო ომის წლებში განადგურებისაგან იხსნა ვლადიკავკაზის ადგილობრივი ბრიგადისა და ყიზლარის არქივების 100 ათასამდე საქმე. სიმონ ესაძის მოღვაწეობას დადებითად აფასებდა ილია ჭავჭავაძე.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს გენერლები და ადმირალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები