ისლამი
ისლამი - სამიდან ერთ-ერთი აბრაამული, მკაცრად მონოთეისტური მსოფლიო რელიგიაა, რომელიც იუდაიზმისა და ქრისტიანობის შემდეგ წარმოიშვა (VIIს.). გარკვეულწილად, ორივე წინარელიგიის წერილობითსა და ზეპირ ტრადიციებს მოიცავს. ეს ტრადიციები, მუსლიმთა რწმენით, შევსებულია ახალი გამოცხადებით და, შესაბამისად, ახალი საღვთო ლიტერატურით. ესაა, პირველ ყოვლისა, ყურანი, რომელიც, თვითშეფასების თანახმად, მანამდე არსებულ ყველა საღვთო გამოცხადებას ავსებს, აზუსტებს და აგვირგვინებს.
მართალია, ისლამი არაბულ გარემოში, ერთ-ერთი არაბული ტომის წიაღში ჩამოყალიბდა. გამოცხადება მოციქულსაც არაბულ ენაზე ეუწყა და საღვთისმეტყველო და საღვთისმსახურო ლიტერატურაც ამ ენაზე დაიწერა, მაგრამ იგი ასპარეზზე მსოფლიო რელიგიის ნიშნით გამოვიდა და სხვადასხვა რელიგიური და კულტურული ტრადიციების ქვეყნებსა და ხალხებში სწრაფად გავრცელდა.
დღეისათვის ისლამი დედამიწის თითქმის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი. ბევრგან იგი, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, სახელმწიფო ინსტიტუტის რანგშია აყვანილი და პოლიტიკურ-სოციალური და კულტურული გარემოს ხასიათს განსაზღვრავს.
მსოფლიოში მუსლიმთა საერთო რიცხვი ამჟამად მილიარდს აღემატება.
ისტორია
ისლამი არაბეთის ნახევარკუნძულზე VII საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა. იმ დროს ეს მხარე, უპირატესად, არაბებით იყო დასახლებული. ისინი პოლითეისტები იყვნენ და სხვადასხვა ღმერთს ეთაყვანებოდნენ.
წარმართობა არაბეთში წარმოდგენილი იყო როგორც ადგილობრივი, ისე ირანიდან და რომის იმპერიიდან შემოტანილი კულტებით. არაბეთში გადასახლებულთა შორის იყვნენ ებრაელებიც და ქრისტიანებიც, - უმეტესად ის ქრისტიანები, რომელთა მრწამსი საეკლესიო კრებებმა ერესად შეაფასა და, რომლებსაც ბიზანტიის იმპერატორები სდევნიდნენ. როგორც მკვლევარები ამბობენ, იქ სარწმუნოებათა და კონფესიათა ქაოსი იყო. მით უმეტეს, რომ ამ ნახევარკუნძულზე არ არსებობდა ცენტრალიზებული სახელმწიფო და თითქმის არ ვრცელდებოდა რომელიმე ქვეყნის რეჟიმი.
არაბთა შორის ყველაზე მეტად ყურეიშელთა (კურაიშის) ტომი დაწინაურდა, რომელთა ღვთაებას ალლაჰი ერქვა. ეს სახელი ეტიმოლოგიურად, სავარაუდოდ, კავშირშია ებრაელთა უზენაესი ღმერთის სახელთან - ელოაჰ. საქმე ისაა, რომ ებრაელი ხალხი და მათი რელიგია არაბებისათვის ძველთაგანვე იყო ცნობილი. გასათვალისწინებელია, რომ ორივე სემიტი ხალხია და მათ ენებს საერთო ფუძე აქვთ. არაბთა ტომებმა ებრაელებისაგან ისტორიული კონტაქტების შედეგად შეითვისეს მოსეს რჯულის ზოგიერთი ელემენტი, რაც ყურეიშელების კულტმსახურებაშიც უნდა ასახულიყო, კერძოდ, ღვთაების სახელსა და შინაარსში, - ალლაჰი.
ყურეიშელთა წარმომადგენელი იყო ვაჭარი მუჰამედი (მუჰამმადი), რომელმაც კაცობრიობას ახალი რელიგიური სისტემა შესძინა.