საყურე
საყურე – (Rhynchocorys elaphas [L.] Griseb.); ოჯახი: შავწამალასებრნი (Scrophulariaceae). ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შებუსული. ღერო 30-60 სმ სიმაღლისაა, მარტივი ან დატოტვილი. ფოთლები მოპირისპირედ არის განლაგებული, თითქმის მჯდომარე, ფორმით მოგრძო, სამკუთხა-ლანცეტა ან კვერცხისებური. ყვავილები მარტოულია, იღლიური, ყვითელი, ხორთუმი რკალივით მოხრილია, რომელიც ბოლოვდება ფართო ფირფიტით. ყვ. ნაყ. VI-VIII. მცენარე გავრცელებულია ტყისა და სუბალპურ სარტყლებში, ბუჩქნარებში, ტენიან მდელოებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ გომბორის მიდამოებში, ასევე თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.