თამელი
თამელი - (Sorbus torminalis [L.] Grantz); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). 25 მ-მდე სიმაღლის ხეა. ფოთლები მოყვანილობით კვერცხისებურია, ძირში მომრგვალებული, ოდნავ გულისებური ან სოლისებური, ნაკვთები წაწვეტებულია, იშვიათად – მობლაგვო, კიდეებზე წვრილ-ბასრკბილიანი, ფოთლის ზედა მხარე შიშველია, ქვედა მხარე მოყვითალო მწვანე ფერისაა, შიშველი ან ქეჩის მსგავსად სუსტად შებუსული. ყვავილის ყუნწები პირველად ქეჩისებურ-ბანჯგვლიანია, შემდეგ კი – თითქმის შიშველი; ყვ. V-VI; ნაყ. VIII-IX. მცენარე იზრდება მთისწინეთებიდან მთის შუა სარტყლამდე. ძირითადად, მუხნარებში, რცხილნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია მუხნარი ტყეების სარტყელში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.