კამიუ ალბერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:57, 25 აგვისტო 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალბერ კამიუ

კამიუ ალბერ - (ფრ. CAMUS ALBERT. 1913 - 1960). ფრანგი მწერალი, პუბლიცისტი, დრამატურგი და ფილოსოფოსი. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.

ბიოგრაფია

ალბერ კამიუ დაიბადა ალჟირში 1913 წელს. ადრეულ ასაკში დაკარგა მამა და იძულებული იყო შეეთავსებინა სისტემატიური მეცადინეობები ფილოსოფიაში პერიოდულ სამსახურთან.

1936 წელს წარმოადგინა დისერტაცია - „ელინიზმის იდეის და ქრისტიანობის თანაფარდობა პლოტინისა და ავგუსტინეს შრომებში“. კამიუ იმავდროულად იწყებს ურთიერთობას მოყვარულ თეატრებთან, ქმნის დასს „ეკიპი“, რომლისთვისაც ახორციელებს მალროს „ზიზღის დროს“ და დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვების“ დრამატურგიულ გადამუშავებას. მოგვიანებით კამიუ არაერთხელ უბრუნდება უცხოური ლიტერატურული ნაწარმოებების ინსცენირებასა და ადაპტაციას მათთვის ფრანგული სცენის კანონების მისადაგებით (კალდერონის „ჯვრის თაყვანისცემა“, 1953; „რექვიემი მონაზონზე“ - ფოლკნერის „ტაძრის“ მიხედვით, 1957; დოსტოევსკის „ეშმაკების“ მიხედვით, 1959).

კამიუმ ჯერ კიდევ ალჟირში დაიწყო ჟურნალისტობა. გაზეთებთან თანამშრომლობა პარიზში გადასვლის შემდეგაც გააგრძელა. გერმანიის ოკუპაციის დროს აქტიურად მონაწილეობდა საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1944 წელს იგი იატაკქვეშა გაზეთ „კომბის“ მთავარი რედაქტორია.

კამიუს ლიტერატურული კარიერა 1938 წელს ესეების კრებულ „ქორწინების“ გამოცემით დაიწყო. მას მოჰყვა კიდევ ერთი ლიტერატურულ-მხატვრული სტატიების კრებული „სიზიფის მითი“ („Le Mythe de Sisyphe“, 1942) და რომანი „უცხო“ („L’Étranger“, 1942). ამ ნაწარმოებებში უკვე ჩამოყალიბდა კამიუს ფილოსოფიური მსოფლმხედველობის ძირითადი ნიშნები, თანაც ჟან-პოლ სარტრისგან განსხვავებით იგი არ ქმნიდა სპეციალურ ფილოსოფიურ ტრაქტატებს, რადგანაც მისთვის მორალური და ფილოსოფიური იდეები ყველაზე ადეკვატურ ხორცშესხმას სწორედ მხატვრულ ტექსტებში იძენენ. კამიუს პოზიცია - ეს გახლავთ ეგზისტენციალისტური ყაიდის მორალისტის პოზიცია: ადამიანი, მისი აზრით, სტოიკურად უნდა იტანდეს ცხოვრების თანდაყოლილ პირველად აბსურდულობას; პასუხს უნდა აგებდეს საკუთარ თავისუფალ ქმედებებზე მაშინაც კი, როცა მასზე უფრო მაღალი ინსტანციაც კი არ არსებობს, აღარაა ღმერთი, რომელსაც უფლება აქვს განსაჯოს ან დასაჯოს. მსგავსმა იდეებმა ასახვა ჰპოვა კამიუს პიესებში: „კალიგულა“ („Caligula“, 1944) და „გაუგებრობა“ („Le Malentendu“, 1944), „ალყა“ („L’État de siège“, 1948) და „წმინდანნი“ („Les Justes“, 1950).

ჭეშმარიტი აღიარება კამიუს მოუტანეს რომანებმა: „შავი ჭირი“ („La Peste“, 1947) და „დაცემა“ („La Chute“, 1956). სწორედ მათზე მუშაობისას საბოლოოდ ჩამოყალიბდა კამიუსთვის დამახასიათებელი მშრალი, ასკეტური წერის სტილი, რომელშიც პერსონაჟებისა და სამყაროსადმი ირონიული დამოკიდებულება იმალება. ცხოვრებისადმი ირონიული დამოკიდებულება ასევე ჩანს მის 1951 წლის პუბლიცისტურ თხზულებათა კრებულში „მეამბოხე ადამიანი“ („L’Homme révolté“) და მოთხრობების ბოლო კრებულში „განდევნა და სამეფო“ („L’Exil et le Royaume“, 1957).

1957 წელს კამიუმ მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.

1960 წლის დასაწყისში იგი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები