არეოპაგი
არეოპაგი - არეოპაგზე ან არესის ბორცვზე ათენში უძველესი დროიდან იკრიბებოდა საბჭო - βουλή, რომელსაც მოგვიანებით, მეორე საბჭოს - ბულეს შექმნის შემდეგ, შეკრების ადგილის მიხედვით არეოპაგის საბჭო - ή έξ Άρείου πάγου βουλή, ან მოკლედ არეოპაგი ეწოდა. მის წევრებს არეოპაგიტები ერქვათ.
არეოპაგი უძველესი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი იყო. მისი ისტორია სათავეს მითოლოგიური ხანიდან იღებს. გადმოცემით, პოსეიდონის ვაჟის, ჰალიკოტისესის მკვლელობის გამო არესი გასამართლებულ იქნა. იმ ბორცვს, რომელზედაც სასამართლო ჩატარდა, მოგვიანებით ამის გამო „არესის ბორცვი“ ანუ „არეოს პაგოსი“ ეწოდა. ამ საბჭოს კი არესის სასამართლო პროცესის შემდეგ მკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეთა განხილვის უფლება მიენიჭა.
არეოპაგის, როგორც უძველესი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის, ისტორია მჭიდროდ უკავშირდება ათენის პოლიტიკურ ისტორიას და ნათლად წარმოაჩენს დემოკრატიულ და ანტიდემოკრატიულ ძალთა შორის არსებულ დაძაბულობას.
მონარქიის პერიოდში არეოპაგის საბჭოს მეფე იწვევდა და თავად თავმჯდომარეობდა მას. არეოპაგის თავდაპირველი ფუნქცია მეფის მრჩევლის ფუნქცია უნდა ყოფილიყო, მეფისა, როგორც წინამძღოლისა, ქურუმისა და მსაჯულის. მონარქიის დაქვეითებასთან ერთად იზრდება არეოპაგის საბჭოს გავლენა. არგუმენტირებული ჩანს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ძვ. წ. VII ს-ში ხელისუფლება, ფაქტობრივად, არეოპაგს ემორჩილებოდა მონარქიის და არისტოკრატიული ხანის უმეტეს პერიოდებში საბჭო მთლიანად ევპატრიდებისაგან შედგებოდა. მათი შერჩევის წესის შესახებ ცნობები არ არის შემორჩენილი.
არეოპაგის საბჭოს ახალი მოწყობის დროს (სავარაუდოდ, ყველაზე გვიან ეს სოლონის მოღვაწეობის დროს უნდა ყოფილიყო გატარებული) ამ საბჭოს შემადგენლობაში წარმოდგენილი იყო ყველა ყოფილი არქონი. ისინი თავიანთი რწმუნებულების ვადის ამოწურვის შემდეგ არეოპაგის წევრები ხდებოდნენ. არეოპაგის საბჭოში ცხრა წევრის ყოველწლიური შესვლა მას 200-300 წევრისაგან შემდგარ ინსტიტუტად ხდიდა. ახალი წევრების შეკრების ამ სისტემით, არეოპაგი თანდათან კარგავდა თავის ექსკლუზიურად არისტოკრატულ ხასიათს. გარკვეული დროის მანძილზე იგი ქონებრივად მდიდარ მოქალაქეთა ფენას წარმოადგენდა, შემდეგ კი ნელ-ნელა ყველა კლასის მომცველ ინსტიტუტად გადაიქცა (თეტები).
ეფიალტესის მიერ გატარებულ რეფორმამდე საბჭოს მოქმედების მთავარი სივრცე უცვლელი უნდა დარჩენილიყო, თუმცა კანონთა კოდიფიკაციამ არეოპაგის იურისდიქცია ნაკლებად თვითნებური გახადა. სოლონმა წერილობით დაადგინა არეოპაგის უფლებები და ამით გარკვეულწილად შეზღუდა ის. მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სოლონის რეფორმამდე არეოპაგი ირჩევდა არქონებს, მეცნიერებაში დღესდღეობით არაა გაზიარებული. მეცნიერების ვარაუდით, მეორე საბჭოს - ბულეს შექმნასაც არ უნდა ჩამოერთმია არეოპაგისათვის პრობულევტიკური ფუნქციები, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სოლონამდე არსებული სახელმწიფოსათვის საჭირო არ იყო. ამასთან, არეოპაგის ფუნქცია გენერალური ხასიათის რჩევების მიცემისა შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო იმ დრომდე, ვიდრე არქონები სახელმწიფოში მთავარ მოხელეებად რჩებოდნენ.
ტირანიის პერიოდში არეოპაგი მთლიანად ტირანის მომხრეებისაგან შედგებოდა. შესაბამისად, ტირანიის დაცემის შემდეგ არეოპაგი გარკვეულწილად დისკრედიტირებული უნდა ყოფილიყო. თუმცა, შესაძლოა, კლისთენესის რეფორმის შემდგომ არეოპაგმა გარკვეული ცვლილებები განიცადა. ძვ. წ. 507/6 წ-დან ძვ. 488/7 წლამდე იგი ახალი წევრების შერჩევას ხალხის მიერ არჩეული არქონებიდან ახდენდა. ამ არქონთა რიცხვში თემისტოკლესი და არისტიდესიც იყვნენ. ამან და არეოპაგის მიერ ძვ. წ. 490 წ-სა და 480/79 წლების კრიზისის დროს შესრულებულმა როლმა (არეოპაგმა უხელმძღვანელა ატიკის მოსახლეობის სალამინსა და პელოპონესში ევაკუაციას) გარკვეული გავლენა იქონია მისი გავლენის აღორძინების საქმეში. მაგრამ ზღვაოსანთა ფენისა და დემოკრატიული ინსტიტუტების სწრაფი ზრდის პირობებში არეოპაგის ხელში მოქცეული დიდი ძალაუფლება უკვე აღარ შეესაბამებოდა არსებულ სიტუაციას. ძვ. წ. 487/6 წწ-ის შემდეგ მისი წევრების თანმიმდევრობითმა გაქრობამ პოლიტიკური ასპარეზიდან არეოპაგის ძალა შეასუსტა.
არეოპაგის ფუნქციების შეცვლაში კარდინალური როლი ძვ. წ. 462 წ-ს დემოკრატიული პარტიის ლიდერის- ეფიალტესი მიერ გატარებულმა რეფორმამ ითამაშა. მან არეოპაგი ბულესა და სახალხო კრების წინაშე დაადანაშაულა. იმ მომენტისთვის სახალხო კრების შემადგენლობაში მძლავრობდა ღარიბ მოქალაქეთა ფენა (ათენი არ აწარმოებდა ამ პერიოდისთვის არანაირ საზღვაო ომს და ამდენად, ზღვაოსნები ძირითადად ქალაქში იყვნენ. ეფიალტესის მოწინააღმდეგე კიმონი და ჰოპლიტების პარტაში ლაშქრობდნენ), რომლებიც დემოკრატების მგზნებარე მხარდამჭერები იყვნენ. სახალხო კრებამ მიიღო ეფიალტესის შემოთავაზებული კანონპროექტი არეოპაგის შესახებ. ამ კანონით, არისტოტელეს თქმით, არეოპაგს ჩამოერთვა „მოვლენათა წარმართვის პრივილეგია“, რაც იმას ნიშნავს, რომ არეოპაგმა ყოველგვარი პოლიტიკური გავლენა დაკარგა. მისი პრივილეგიები გადაეცა ბულეს, ნაწილობრივ სახალხო კრებას და სასამართლოებს (იხ. დიკასტერიონი). მას ჩამოერთვა „კანონების დამცველის“ - νομοφυλακία-ს ფუნქცია და იგი სახალხო კრებამ ბულეს მიანიჭა. ამიერიდან სწორედ ეს ინსტიტუტი ზრუნავდა კანონების დაცვაზე. არეოპაგი გადაიქცა სასამართლოდ, ოღონდ სასამართლოდ, რომელშიც სისხლის სამართლის საქმეთა გარკვეული ნაწილი - უმთავრესად მკვლელობის საქმეები და სხვა საქმეები (მაგ., მკრეხელობასთან დაკავშირებული საქმეები) განიხილებოდა. შესაბამისად, შეიზღუდა მისი იურისდიქციაც. ძვ. წ. 403/2 წ-ში გამოცემული დეკრეტი იმის თაობაზე, რომ არეოპაგის, როგორც „კანონის დამცველის“ ფუნქცია აღდგენილიყო, როგორც ჩანს, პრაქტიკულად არ განხორციელებულა.
არეოპაგის სასამართლოს ძვ. წ. IV ს-ში ძალზე მაღალი რეპუტაცია ჰქონდა. ანტიკურობის გამოჩენილი მოღვაწენი - დემოსთენე, ლისიასი, ესქინე და სხვ. ერთხმად ლაპარაკობენ ამ ინსტიტუციის მიმართ არსებული ღრმა პატივისცემის შესახებ. არეოპაგი არქონად ნამსახურები პირებისაგან შედგებოდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მისი თითოეული წევრი დემოკრატიული ხელისუფლების მოხელეთა მიერ გამოწვლილვით იყო შესწავლილი: ყოველი არქონი გადიოდა თესმოთეტესების მიერ ჩატარებულ გამოძიებას - ოკიმასიას, ვიდრე ისინი თავიანთი თანამდებობრივი მოვალეობის აღსრულებას შეუდგებოდნენ. თავიანთი ერთწლიანი მსახურების დასრულების შემდეგ კი ისინი გადიოდნენ სახალხო აუდიტს - ევთინეს. არეოპაგიტები მხოლოდ იმ არქონებს შეეძლოთ გამხდარიყვნენ, რომლებიც ამ გამოცდას წარმატებით გაივლიდნენ (იხ. არქონი). ეს თანამდებობა ერთადერთი იყო, რომელიც ათენელ მოხელეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეკავა (არისტოტელე, ათენელთა სახელმწიფო წყობილება, 3. 6). ამისდა მიუხედავად, არეოპაგის წევრები ისევ გადიოდნენ აუდიტს - ევთინეს.
არეოპაგს აუცილებელი და სხვა სასამართლოებისგან განსხვავებული პროცედურები ჰქონდა. ერთი უმთავრესი პროცედურა ფიცის მიცემა იყო. ბრალმდებელი საზეიმოდ წარმოსთქვამდა ფიცს, რომლითაც იგი განადგურებას ატეხდა თავის თავს, თავის ოჯახს და თავის შთამომავალთ, თუ სიმართლეს არ იტყოდა. ამის პარალელურად სპეციალური მოხელეები ცხოველთა (ხარი, ირემი) მსხვერპლშეწირვას ატარებდნენ. იმავე ფიცს წარმოსთქვამდა ბრალდებულიც, მისი უფლებები განსაკუთრებით დაცული იყო. თუ იგი საქმეს წააგებდა და დამნაშავედ იქნებოდა მიჩნეული, მოსარჩელეს არ ჰქონდა უფლება დასჯა თავად განეხორციელებინა. მკვლელობის საქმეთა შემთხვევაში არეოპაგი უფლებამოსილი იყო მკვლელობაში დამნაშავე ჯალათისათვის გადაეცა. სხვა საქმეთა დროს, ასე მაგალითად, მკრეხელობასთან დაკავშირებულ შემთხვევებში, არეოპაგს არ შეეძლო დამნაშავე დაესაჯა. ბრალდებულს, დემოსთენეს გადმოცემით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უფლება გააჩნდა. მას უფლება ჰქონდა, რომ თავისი პირველი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ სასამართლო სხდომა დაეტოვებინა (დემოსთენე, 23. 69). ვარაუდობენ, ალბათ იმ მიზნით, რომ ათენიდან წასულიყო.
არეოპაგიტები, როგორც ანტიკური მოღვაწენი ამბობდნენ, სხვა მსაჯულებზე გაცილებით გამოცდილნი იყვნენ, რის გამოც ორატორებს მათი შეცდომაში შეყვანა უძნელდებოდათ.
წყარო
დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.