ჩიტაკომშა
ჩიტაკომშა – (Cotoneaster rasemiflorus auct. = Cotoneaster hissaricus Pojark.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). სწორად მდგომი 1 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია, სწორი ან! დაჯაგული. ნორჩი მცენარე სქლად ქეჩისებურად შებუსულია. ერთ და ორწლიანი ტოტები ყავისფერია ან ალუბლისფერი. ფოთლები ფორმით ელიფსურია ან ფართო-ოვალური, შებუსული. გვერდითი ფოთლების ტოტები უფრო პატარაა, ვიდრე კენწრული ფოთლები. ყვავილედი ფარისებურია. გვირგვინი ფართოდ არის გადაშლილი, მოთეთრო. ყვ. V-VI; ნაყ. VII-IX. გავრცელებულია ფერდობებზე, მშრალ ბუჩქნართა შორის დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე. კახეთში ამ მცენარის ნახვა შესაძლებელია სოფელ კონდოლის მიდამოებში. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.