გალზილანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:42, 11 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გალზილან-ი (ოს. Галзилæн) – საზაფხულო ციკლის ოსური დღეობა, მიძღვნილი სნეულებათა მფარველისადმი, რომლის სალოცავი სოფ. გიზელის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ამ ხატის დაარსებასთან დაკავშირებით, ჩაწერილია შემდეგი გადმოცემა: XIX ს-ში კადგარონელი ოჯახი გიზელებს დანათესავებია; ქორწილის შემდეგ გიზელები მზითვით კადგარონში ჩასულან, მასპინძლებს ღირსეულად მიუღიათ, მაგრამ უკანა ღამეულ გზაზე, როცა მშობლიურ სოფელს მიახლოებიან, მათ თავზე ძალზე უცნაურ, მანათობელ ფრინველს გადაუფრენია და შეზარხოშებულ გიზელ მამაკაცს მისთვის თოფი უსვრია; ფრინველი ამით არ დაზარალებულა, სოფლის განაპირას მდგარი მაღალი, ტოტებგაშლილი ხისკენ გაფრენილა და გამქრალა; მისი კვალი დღისითაც ვერ უხილავთ, მხოლოდ სოფლის ზედა ქუჩაზე, იქ, სადაც მექორწილე ხუინძაუთების სამოსახლო ყოფილა, ყველა ბავშვი დაავადებულა და ლოგინიდან ვერ ამდგარა, ზოგი მათგანი გარდაცვლილა; იმ დღიდან მოყოლებული ზედა ქუჩაზე მხიარულება შეწყვეტილა; ბოლოს, საგონებელში ჩავარდნილ უხუცესებს სამი მამაკაცი რჩევისთვის ტბაუ-ვაცილას კულტმსახურთან გაუგზავნია; გუცათას გვარის „ხატის კაცს“ (ძუარი ლაგს) მათთვის გულდასმით მოუსმენია და უთქვამს: „იმ ღამით თქვენ ზედი გაგინაწყენებიათ და პატიება თხოვეთ“, თან უსწავლებია: „როცა შინ დაბრუნდებით, საღამოს სოფლის ნახირიდან შეარჩიეთ სამსხვერპლო ხარი, რომელიც ჯოგს წინ მიუძღვის; დილით ის თავისუფლად გაუშვით, და ვის სახლთანაც წამოწვება, მის ეზოში დაკალით; მთელმა სოფელმა იმ სახლში საერთო სუფრა გაშალეთ და ზედს პატიება თხოვეთ, ხოლო ხის ქვეშ სამლოცველო მოაწყვეთ“. გიზელები ისე მოიქცნენ, როგორც ძუარი ლაგმა დაარიგა, და ავადმყოფობები სოფლიდან გაქრა. იმ დღიდან მოყოლებული გიზელები ყოველ ზაფხულს სამსხვერპლო ხარს, რომლის რქებსაც წითელი ფერის ლენტებით ამკობენ, ჯერ კარდაკარ დაატარებენ, შემდეგ ზედს ლოცვა-ვედრებით სწირავენ და საერთოსასოფლო სუფრას აწყობენ.


ლიტერატურა

Цгоев Х. Ф. Словарь осетинской мифологии и уклада жизни. Владикавказ, 2015.

წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები