ერქომაიშვილი არტემ
არტემ ერქომაიშვილი - (26. X. 1887, სოფ. მაკვანეთი ოზურგეთის რ-ნი, – 2. II. 1967, ოზურგეთი), თვითნასწავლი კომპოზიტორი, ლოტბარი, მომღერალი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
არტემი ურთულესი გურული სიმღერების შესრულებას დაეუფლა ბავშვობიდანვე. 1911 დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. 1924-იდან ხელმძღვანელობდა ხალხურ გუნდებს ბათუმში, ოზურგეთში, მაკვანეთში. მართავდა კონცერტებს საქართველოსა და სსრკ ქალაქებში. 1929 მისმა გუნდმა კონცერტები გამართა მოსკოვსა და ლენინგრადში და სპეციალისტთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 1950-იდან ოზურგეთის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს ხელმძღვანელობდა. იგი ქართული სასულიერო გალობის უბადლო შემსრულებელი იყო. თბილისის კონსერვატორიის ფოლკლორისტიკის კათედრის ლაბორატორიაში ინახება მის მიერ შესრულებული 200-მდე საგალობლის ჩანაწერი.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
