მოქვის ღვთისმშობლის ტაძარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოქვის ღვთისმშობლის მონასტერი

მოქვის ღვთისმშობლის ტაძარი - ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლია, მოქვის ტაძარი მდებარეობს აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფ. მოქვში, მდ. მოქვთან მისი მარჯვენა შენაკადის მდ. დვაბის შეერთების ადგილას, სწორ, ამაღლებულ ვაკეზე.

მოქვის ტაძარი აგებულია X საუკუნეში. იგი ჯვარგუმბათოვანი სტილის სამნავიანი ნაგებობაა, სამლოცველოების მწკრივით განაპირა ნავების გასწვრივ. აღმოსავლეთის მხრიდან ტაძარს სამი შვერილი აფსიდი აქვს. შუა, საკურთხევლის აფსიდი შიგნიდან ნალისებური ფორმისაა, გარედან ხუთწახნაგაა. გუმბათი ეყრდნობა შენობის ცენტრში აღმართულ ოთხ სვეტს. კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრების საშუალებით. გუმბათის თორმეტწახნაგა ყელი დაბალია. ტაძარი შემოსილია თლილი ქვის პერანგით, ფასადებზე ჩუქურთმები არა აქვს.

„მატიანე ქართლისას“ ცნობით, მოქვის ტაძარი აგებულია და კურთხეულია საკათედროდ „აფხაზთა“ მეფის ლეონ III-ის (957- 967) მიერ: „ამან (ლეონ III-მ, - ავტ.) აღაშენა ეკლესია მოქჳსა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, აკურთხა და განასრულა ყოვლითა განგებითა”. ლეონ III-ის მიერ ტაძრის საკათედროდ კურთხევა IX-X სს. „აფხაზთა“ სამეფოში მიმდინარე იმ პროცესის შემადგენელი ნაწილია, როდესაც იქმნება ჭყონდიდის, ბედიის, დრანდის საეპისკოპოსოები.

სარჩევი

მოქვის ეპარქიის მღვდელმთავრები

მოქვის ეპარქიის მღვდელმთავარი ცნობილია მოქველის სახელით. თითქმის ყველა ცნობილი მოქველი მღვდელმთავარი მთავარეპისკოპოსის ხარისხს ატარებს, რაც ქვეყანაში მოქვის საეპისკოპოსოსა და მოქველ მღვდელმთავართა დიდ როლზე მეტყველებს. ვახუშტი ბატონიშვილის (1696-1758) ცნობით, მოქველთა სამწყსოს შეადგენდა ტერიტორია მდ. მოქვსა და მდ. კოდორს შორის.

მოქვის საეპისკოპოსოს ისტორია მჭიდროდ უკავშირდება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებას.

მოქველთა შესახებ ცნობები დაცულია ქართულ და უცხოურ წყაროებში, თუმცა ეს ცნობები ძალზე მწირია. X საუკუნიდან ვიდრე XII საუკუნემდე მოქველი მღვდელმთავრების შესახებ არა ვიცით რა.

XII საუკუნეში მოქვის კათედრაზე მოღვაწეობდა მთავარეპისკოპოსი გრიგოლი. იგი იხსენიება მოქვის სამრეკლოს ასომთავრულ წარწერაში, საიდანაც ჩანს, რომ სამრეკლო მოქველ მთავარეპისკოპოსს გრიგოლს აუგია.

შემდეგი ჩვენთვის ცნობილი მოქველი მღვდელმთავარია მთავარეპისკოპოსი დანიელი, მოქვის ოთხთავის (1300 წ.) მომგებელი. მისი მოღვაწეობა მოქვის კათედრაზე, პირობითად, XIII ს. მიწურულითა და XIV ს. დასაწყისით განისაზღვრება

მთავარეპისკოპოსი აბრაჰამი მოქვის ოთხთავის მინაწერში იხსენიება. რადგან იგი ხელნაწერის მომგებელისა და გადამწერის ანდერძის შემდეგ მოიხსენიება მოგვიანებით გაკეთებულ მინაწერში, საფიქრებელია, რომ იგი დანიელ მოქველის შემდეგ მოღვაწეობდა მოქვის კათედრაზე, სავარაუდოდ, XIV ს. I ნახევარში. XIV საუკუნის მოღვაწე ჩანს ამბრია მოქველი, რომელიც ასევე მოქვის ოთხთავის მინაწერში იხსენიება.

XIV საუკუნის 60-იან წლებში მოქვის კათედრაზე მოღვაწეობს ლუკა ოძრხელი. ცნობილია, რომ მან 1363 წელს წმიდა მიწაზე იმოგზაურა

მოქვის ოთხთავის კიდევ ერთ, უფრო გვიანდელ მინაწერში მთავარეპისკოპოსი ფილიპე ჩხეტიძე მოიხსენიება. თედო ჟორდანია მინაწერს ხელის მიხედვით XVI საუკუნით ათარიღებდა. მოგვიანებით, იგი, სავარაუდოდ, XV საუკუნის მინაწერად იქნა მიჩნეული, თუმცა მოქვის კათედრაზე მისი მოღვაწეობის ხანის დაკონკრეტება ჭირს.

ჩვენთვის ცნობილი შემდეგი მოქველი მღვდელმთავარია რომანოზი, რომელიც თოფურიძეთა სასისხლო სიგელში იხსენიება. ეს სიგელი 1412-1442 წწ. თარიღდება და, ამდენად, რომანოზ მოქველიც ამ ხანის მოღვაწეა.

XV საუკუნის დასასრულის მოღვაწეა საბა მოქველი. იგი იხსენიება მაღნარაძეთა სასისხლო სიგელში, რომელიც XV ს. უკანასკნელი მეოთხედით თარიღდება. შემდეგი მოქველი მღვდელმთავარია მთავარეპისკოპოსი ელია. იგი იხსენიება მოქვის ომოფორის წარწერაში: „ამა ომფორისა მომჭირნესა მოქველ-დრანდელ მთავარეპისკოპოსსა ელიასა შ”ს ღ”ნ”. თ. ჟორდანია მოქვის ომოფორს XIV საუკუნით ათარიღებდა. თითქოს, ამ პერიოდის მოღვაწე უნდა იყოს მთავარეპისკოპოსი ელიაც, მაგრამ მოქვის ომოფორის წარწერებში მოხსენიებული სხვა პირების: მამია დადიანის, ლიპარიტ დადიანის, ლომკაც ჭილაძის იდენტიფიკაციის საფუძველზე, მისი შეკერვის თარიღად XVI ს. პირველი მესამედი განისაზღვრა. ამ ხანის მოღვაწეა მთავარეპისკოპოსი ელიაც, რომელიც წარწერის მიხედვით ორ კათედრას - მოქვისას და დრანდისას განაგებდა.

XVI საუკუნის შუა ხანებში, დაახლ. 1543-1549 წწ. შორის, იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის (1510-1565) ინიციატივით მოწვეულ იქნა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრება ზნეობის დაქვეითებისა და საეკლესიო წესჩვეულებების დარღვევების გამო გარკვეული ზომების მისაღებად. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, „...ჟამთა ამათ შინა... იქმნა განტევება ცოლთა, კლვა კაცთა და იდუმალ ტყჳს ყიდვა და უჯერონი სჯულსა ზედა მრავალნი იმერეთსა შინა“. საეკლესიო კრებას ესწრებოდნენ ქართლის კათალიკოსი მალაქია, აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათალიკოსი ევდემონ I ჩხეტიძე (1543-1578) და „ყოველნი ეპისკოპოზნი იმერეთ-ოდიშისანი“, მათ შორის მოქველიც. საეკლესიო კრებამ მკაცრად იმსჯელა აღნიშნულ საკითხებზე, ჯეროვანი შეფასება მისცა მათ და საეკლესიო და ზნეობრივი ნორმების დასაცავად შეიმუშავა „სამართალი კათალიკოზთა“. სამწუხაროდ, წყაროებს არ შემოუნახავთ დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრების მონაწილე მოქველის სახელი.

შემდეგ, დაახლ. XVI ს. 50-70-იან წლებში მოქვის კათედრაზე მთავარეპისკოპოსი ეფთვიმე საყვარელიძე მოღვაწეობს. იგი არის მომგებელი მეტაფრასისა, რომელიც 1560-1578 წწ. თარიღდება. მთავარეპისკოპოსი ეფთვიმე საყვარელიძე იხსენიება აგრეთვე მოქვის ღვთისმშობლის ხატის წარწერაში, რომელიც მისი ბრძანებით მოუჭედავთ. მოგვიანებით, 1578-1616 წწ. ეფთვიმე საყვარელიძე აფხაზეთის კათალიკოსია.


შუა საუკუნეებში მოქვის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. აქ არსებობდა სკრიპტორიუმი, სადაც მიმდინარეობდა ხელნაწერების გადაწერა, მორთვა-მოკაზმვა. მოქვის ტაძრის წიგნსაცავიდან მხოლოდ რამდენიმე ხელნაწერი შემორჩა: მოქვის ოთხთავი(1300 წ.), ოთხთავი (XII-XIII სს.)

მოქვის ოთხთავი (1300 წ.)

მოქვის ოთხთავი (1300 წ.) გადაწერილი დანიელ მოქველის თაოსნობით, ბერი ეფრემის მიერ. ხელნაწერის ტექსტი დაწერილია ორ სვეტად, კლასიკური ნუსხურით, ჩასმულია ვერცხლით მოჭედილ ყდაში (XIX ს.). მოქვის ოთხთავი ერთ-ერთი უმდიდრესი ქართული ხელნაწერია მინიატიურებისა და მორთული საზედაო ასოების რაოდენობის მხრივ. მინიატიურები, რომლებიც თანმიმდევრულად ასურათებენ ტექსტის შინაარსს, შესრულებულია ღია ნათელი ფერებით, საზედაო ასოები ფერადებით და ოქრომელნით. მათი შეს- რულება დიდი ოსტატობით და სიფაქიზით გამოირჩევა.

ოთხთავი (XII-XIII სს.)

ოთხთავი (XII-XIII სს.) გადაწერილია ნუსხურით, დასაწყისები ასომთავრულით არის შესრულებული, შემკულია შესანიშნავი მინიატიურებით, კამარებითა და საზედაო ასოებით. ამჟამად ცნობილია ჯრუჭის II ოთხთავის სახელწოდებით.

მეტაფრასი (XVI ს.)

მეტაფრასი (XVI ს.), გადაწერილი მოქველი მთავარეპისკოპოსის ეფთვიმე საყვარელიძის ბრძანებით. ესაა სასულიერო მწერლობის თხზულებების ისეთი რედაქცია, რომელიც ძველ ტექსტებს შესწორებულად და გავრცობილ-შემკულად წარმოგვიდგენს. დაწერილია ნუსხურით, ორ სვეტად. გადამწერია ნევკრატიოზ ციმცაძე.

ღვთისმშობლის ხატი (XVI ს.)

მოქვის სიძველეებიდან ასევე ცნობილია: ღვთისმშობლის ხატი (XVI ს.) მოჭედილი მოქველი ეფთვიმე საყვარელიძის ბრძანებით; ღვთისმშობლის ხატი (XVII ს.) მოჭედილი მოქველი ანდრიას ბრძანებით; მოქვის ომოფორი (XVI ს.), შეკერილი მოქველ-დრანდელი მთავარეპისკოპოსის ელიას ბრძანებით

იერუსალიმის პატრიარქის დოსითეოსის ცნობით, ტაძარი მოხატული ყოფილა, ის იხსენიებს წარწერასაც, მაგრამ წარწერა და ფრესკული მოხატულობა არ შემორჩა. შემორჩენილია მხოლოდ სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა მოქვის სამრეკლოდან, ამოკვეთილი ქვის ფილაზე. წარწერა პალეოგრაფიული ნიშნებით XII საუკუნით თარიღდება: „ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო, მეოხ და მფარველ ექმენ გრიგოლ მოქველ მთავარეპისკოპოსსა გუძანის ძესა”

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოქვის მონასტერს მიწები ჩამოართვეს და მალე მონასტერიც დაიხურა.

1968 წელს ფართოდ აღინიშნა მოქვის ტაძრის 1000 წლისთავი. ამ დროისათვის ტაძარი აღადგინეს, მოხსნეს XIX საუკუნის ფენები და ტაძარმა თითქმის თავდაპირველი იერი დაიბრუნა.


წყარო

ბეჟან ხორავა:"მოქვის ღვთისმშობლის ტაძრი",- გაზ. ჩემი აფხაზეთი, №32,-2015 წლის სექტემბერი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები