გველეშაპი
გველეშაპი - – გველ-ვეშაპი წყლის მითიური არსება, წყლის სტიქიის განსახიერება. კოსმოგონიურ მითოსში გველეშაპი ქაოსის მატარებელია, თავად ქაოსია, რომელსაც ამარცხებს კოსმოსის განმასახიერებელი ღვთაება, შუაზე ფატრავს მას და მისი ნაწილებისგან სამყაროს ქმნის: ქვედა ნაწილისგან – მიწას. ზედა ნაწილისგან – ცას. როგორც წესი, ყველა ხალხის მითოლოგიური ჟანრის თავგადასავალში ძირითადი ეპიზოდია გველეშაპთან შებრძოლება. გმირი აუცილებლად ამარცხებს გველეშაპს. მაგრამ ვიდრე დაამარცხებდეს, გველეშაპი შთანთქავს გმირს, რომელმაც შიგნიდან უნდა გაკვეთოს მისი სხეული და გამოვიდეს, ან გველეშაპმა იგი უნდა ამოანთხიოს. გველეშაპის მუცელში ყოფილან შუამდინარული კოსმოგონიის ღმერთი მარდუქი, ინდური მითოლოგიის ღმერთი ინდრა, ბერძენთა გმირები თესევსი, ჰერაკლე, იასონი და სხვანი. გველეშაპის მუცელში იყო ამირანი... გველეშაპი ხშირად წარმოდგენილია როგორც წყაროს მცველი ან დამპატრონებელი, ან მდინარის შთანმთქმელი... გვხვდება ჯადოსნური ბაღის მცველადაც.
წყარო
მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)