ჰასუთა
ჰასუთა − პურის ფქვილის დამტკბარი ფაფა. სიმინდის ფქვილითა და კარაქით – იაღით მომზადებული ჰასუთა აჭარაში ტრადიციული საქორწინო კერძი იყო. იმავდროულად იგი საპატივცემულო კერძადაც ითვლებოდა.
ჰასუთის ფქვილი მსხვილად დაფქვილი უნდა ყოფილიყო. გახურებულ ტაფაზე ჯერ იაღს დაწვავდნენ და შემდეგ მასში ფქვილს შეწითლებამდე მოხრაკავდნენ, ამასთან, ნელ-ნელა შაქარწყალს დატკბობამდე დაუმატებდნენ, პარალელურად მოურევდნენ, რათა შაქარწყალი და ფქვილი ერთმანეთში კარგად არეულიყო. ბოლოს დუღილით მოაშუშებდნენ. როცა მოშუშდებოდა და ფაფასავით გახდებოდა, კერძი მზად იყო. შაქრის ნაცვლად ძველად თაფლს იყენებდნენ.
ჰასუთა საბავშვო საკვებიც იყო. ბავშვის ჰასუთას უფრო წვრილად დაფქვილი სიმინდის ფქვილით ამზადებდნენ ანდა პურის ფქვილს იყენებდნენ. ბავშვს, დედის რძესთან ერთად, ჰასუთით დაახლოებით ექვსი-შვიდი თვის შემდეგ კვებავდნენ.
ლიტერატურა
ნიჟარაძე, 1949:449.