ნინიძე კირილე
ნინიძე კირილე ესეს ძე - (1879, სოფ. ასკანა - 1937), - სოციალ-დემოკრატი.
სარჩევი[დამალვა] |
ბიოგრაფია
დაიბადა გლეხის ოჯახში. სწავლობდა დორპატის უნივერსიტეტში. ახალგაზრდობაშვე შეურთდა რსდმპ-ს, იყო მენშევიკური ფრაქციის წევრი. მოღვაწეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში 1908 წლიდან, იყო ამ საზოგადოების მდივანი ხონსა და ხაშურში.
1918 საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრია. 1919 წლიდან დამფუძნებელ კრებაშია. 1920 წლიდან აკრიტიკებდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მოქმედებას და პარტიის შიგნით ოპოზიციურ ჯგუფს ჩაუდგა სათავეში. პარტიას ძირითადად მთავრობისა და ცენტრალური კომიტეტის გაუმიჯნაობაში ადანაშაულებდა. 1920 წლის ბოლოს რამდენიმე პირთან ერთად გამოეყო სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. მათ გამოსცეს ჯერ გაზეთი „ახალი სხივი“, ხოლო შემდეგ, 1921 წელს, შექმნეს დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია დამფუძნებელ კრებაში, ამ ჯგუფს „სხიველები“ ეწოდა.
აქტიურად იყო ჩაბმული 1924 წლის აჯანყებაში. იყო სამხედრო კომისიის წევრი. ადვოკატობას უწევდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას. დიდი საბჭოთა ტერორის დროს დახვრიტეს.
- ნოდარ ჩხაიძე
ლიტერატურა
ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება, 1919, თბ., 2016.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი