ოლიმპიური თამაშები
ოლიმპიური თამაშები – (ბერძნ.) შეჯიბრება ძველ საბერძნეთში - უმთავრესი ოთხი პანელინური თამაშებიდან (დანარჩენი სამი იყო:ისთმიური, ნემეური, პითიური). იმართებოდა ოლიმპიაში, ელიდაში, პელოპონესის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ მხარეში.
ანტიკური ოლიმპიური თამაშები
პირველ ოლიმპიურ თამაშებზე კონკრეტული ცნობები არ მოიპოვება. ყველაზე ადრეული და ისტორიულად სარწმუნო ცნობა თარიღდება ძვ.წ. 776 წლით, როცა გამარჯვებულთა გვარების ჩაწერა და თამაშების აღრიცხვა დაიწყეს.
ანტიკური ოლიმპიური თამაშები საერთო-სახალხო რელიგიური დღესასწაული იყო, რომელიც საკულტო ცერემონიალისა და სპორტული შეჯიბრებებისგან შედგებოდა. ეძღვნებოდა ძველბერძნული პანთეონის უმაღლეს ღვთაებას - ზევსს. ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, ოლიმპიური თამაშები თვით ზევსმა დააფუძნა, სხვა ლეგენდის მიხედვით - მისმა ვაჟმა, ჰერაკლემ.
ზევსმა ოლიმპიური თამაშები საკუთარ მამაზე, კრონოსზე გამარჯვების აღსანიშნავად დააფუძნა. კრონოსს უწინასწარმეტყველეს, რომ მას თავისი შვილი დაამხობდა ისევე, როგორც მან დაამხო თავისი მამა, ურანოსი. ფატალური საშიშროება თავიდან რომ აეცილებინა, პირქუში კრონოსი, თავისი მეუღლის, ქალღმერთ რეას მიერ გაჩენილ შვილებს სიცოცხლეს უსწრაფებდა - ცოცხლად ყლაპავდ. მითის თანახმად, სწორედ ამ თავისი დიადი გამარჯვების აღსანიშნავად დააფუძნა ზევსმა ოლიმპიური თამაშები, რომელიც 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. პირველ დღეს, ზევსისა და ჰერას სადიდებლად, იმართებოდა მსხვერპლშეწირვა და საზეიმო მსვლელობა ანთებული ჩირაღდნებით, შემდეგ კი - ათლეტური თამაშობები.
ერთ-ერთი გავრცელებული მითის თანახმად, ოლიმპიური თამაშები ზევსის ვაჟიშვილმა, ლეგენდარულმა გმირმა და ნახევრადღმერთმა, ჰერაკლემ დააარსა. სახელოვანი პოეტი პინდარე ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულისადმი მიძღვნილ თავის ოდაში ამ დღესასწაულის დამაარსებლად სწორედ ჰერაკლეს ასახელებს.
ერთ-ერთი მითის თანახმად, ჰერაკლემ პელოპონესის ნახევარკუნძულზე, კრონოსის საფლავთან, მამამისის - ზევსის გამარჯვების აღსანიშნავად ათლეტური შეჯიბრება დააწესა სირბილში - 11 სტადიაზე. მანძილი ჰერაკლემ დაადგინა - სტადია იყო მისი 600 ტერფის ტოლი მანძილი, 192 მეტრი და 27 სანტიმეტრი. გადმოცემით, სწორედ ამ მანძილის გავლა მოასწრო ჰერაკლემ კრონოსის ბორცვთან მზის პირველი სხივის გამოჩენის მომენტიდან მანამ, სანამ მზე მთლიანად ამოვიდოდა. შეჯიბრება ჰერაკლემ მოიგო. ღმერთებმა ამ გამარჯვების აღსანიშნავად, იგი ველური ზეთისხილის გვირგვინით შეამკეს.
ჰერაკლე სწორუპოვარი ათლეტი ყოფილა - ყველაზე ძლიერი, სწრაფი, მიზანაუცდენელი და მარჯვე. მან პატარობიდან შეიყვარა სირბილი, ხტომა, სროლა თუ ბრძოლა. მას შეეძლო ემართა დიდი სისწრაფით მავალი ეტლი, აუცდენლად ისროდა მშვილდ-ისარს. დაუმარცხებელი იყო კრივსა და ხელჩართულ ბრძოლაში, არ ჰყავდა ბადალი ჭიდაობასა და პანკრატიონში. ჰერაკლე ათლეტიზმის და ჭიდაობის სკოლების, პალესტრების მფარველ ღვთაებად ითვლებოდა. იგი იყო გმირთაგმირი, „უდიდესი ათლეტი“ (როგორც ანტიკური ავტორები უწოდებდნენ), ამიტომ სრულიად ლოგიკური ჩანს მითოლოგიური ვერსია, რომელიც ოლიმპიური თამაშების დამფუძნებლად სწორედ მას მიიჩნევს.
ოლიმპიური თამაშები ყოველ მეოთხე წელს, ზაფხულის ბუნიაობის (ივლისი-აგვისტო) შემდეგ ტარდებოდა. დღესასწაულის განმავლობაშ მთელ საბერძნეთში საყოველთაო სიმშვიდე სუფევდა. ასპარეზობის ადგილი იყო ელისის ოლიმპია. ძველი ქალაქის-პისას მახლობლად მდებარე ადგილი ზევსის წმინდა სავანედ ითვლებოდა. შესაბამისად, იქ იყო ზევსის ტაძარი, პელოფსის წმინდა სამაროვანი, ზევსის სამსხვერპლო, თორმეტი ღმერთის ექვსი ორმაგი საკურთხეველი და სხვა წმინდა ნაგებობები. შემოსაზღვრული ადგილის მიღმა, ალფეოსის გაყოლებაზე მდებარეობდა სტადიონი და ჰიპოდრომი. დღესასწაული გრძელდებოდა შვიდი დღე. მსაჯულები იყვნენ ელისის მკვიდრნი. ასპარეზობები ტარდებოდა შემდეგ სახეობებში: სრბოლა, ორმაგი სრბოლა, შორს სრბოლა, სრბოლა იარაღით, შებმა, მუშტი-კრივი, მრავალჭიდი („პანკრატიონი“ – მუშტი-კრივი შებმითურთ), ხუთჭიდი („პენტათლონი“ – სრბოლა, ხტომა, დისკოს ტყორცნა, შუბის ტყორცნა და შებმა), ჯირითი, ეტლით სრბოლა. აგრეთვე – სრბოლა, შებმა და მუშტი-კრივი ჭაბუკებისათვის. უძველეს და უმთავრეს ასპარეზობად ითვლებოდა უბრალო სრბოლა, ხოლო ყველაზე საპატიოდ – ეტლით სრბოლა. ძვ.წ. V საუკუნიდან ოლიმპიურ ასპარეზობებზე გამოდიოდნენ პოეტებიც.
ასპარეზობაზე თავიდან დაიშვებოდნენ მხოლოდ ზრდასრული მამაკაცები, შემდეგ კი, ძვ.წ. 632 წლიდან, ანუ 37-ე ოლიმპიადიდან, ეს უფლება 20 წლამდე ჭაბუკებმაც მიიღეს. მათი შეჯიბრებანი ზრდასრულებისგან განცალკევებით იმართებოდა. მონებს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლოთ, მაგრამ ისინი შეიძლება ყოფილიყვნენ მეეტლეები, რადგან რბოლაში გამარჯვებულად ცხენების მფლობელი ცხადდებოდა
ოლიმპიადაზე ათლეტები სრულიად შიშვლები ასპარეზობდნენ (გარდა მეეტლეებისა).
ქალებს არათუ წართმეული ჰქონდათ თამაშებში მონაწილეობის უფლება, არამედ დასწრება, თვალყურის დევნებაც კი სასტიკად ეკრძალებოდათ. გამონაკლისი იყო მხოლოდ მიწათმოქმედებისა და ნაყოფიერების ქალღმერთ დემეტრას ქურუმი. პავსანია თავის წიგნში „ელადის აღწერილობა“ აღნიშნავს, რომ ოლიმპიის მახლობლად არსებობდა კლდე, ტიპაიონი, საიდანაც ოლიმპიურ თამაშებზე შეპარულ ქალებს უფსკრულში აგდებდნენ. პედოტროპად, ანუ მწვრთნელად გადაცმული ქალი სტადიონზე რომ არ შეპარულიყო, ერთ-ერთი პრეცედენტის შემდეგ დაადგინეს, რომ მწვრთნელებიც ასპარეზობას ათლეტებივით სრულიად შიშვლები უნდა დასწრებოდნენ. ეს ამბავი ასე მომხდარა: ძვ.წ. 404 წელს, 94-ე ოლიმპიადაზე კალიფატერია, მეორენაირად - ფერენიკა, სტადიონზე მწვრთნელის მოსასხამით შეპარულა, რათა ენახა, თუ როგორ იასპარეზებდა მისი ვაჟიშვილი, პეისედორი კრივში, ახალგაზრდების შეჯიბრებაში. როდესაც მისმა ვაჟმა გამარჯვება მოიპოვა, უზომოდ გახარებული კალიფატერია წამოხტა და მისკენ გაექანა, მაგრამ ამ დროს მოსასხამი ჩამოსძვრა და ყველამ დანახა, რომ ქალია. მას სასტიკი განაჩენი ელოდა, მაგრამ შეიწყალეს, რადგან სახელგანთქმული ოლიმპიონიკის, დიაგორეს ქალიშვილი გახლდათ. ოღონდ, მსგავსი სიტუაცია მომავალში რომ აღარ განმეორებულიყო, დადგინდა - სტადიონზე მწვრთნელებიც შიშვლები უნდა ყოფილიყვნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ქალებს ოლიმპი ურ თამაშებში მონაწილეობა და თვით დასწრებაც კი ეკრძალებოდათ, ისტორი - ამ შემოგვინახა ქალის სახელი, რომელიც ოლიმპიონიკი გამხდარა ცხენებით რბოლაში - კინისკა. როგორც უკვე ვთქვით, ოლიმპიონიკად ცხენების მფლობელი ცხადდებოდა და არა მეეტლე.
არაბერძნებს, ანუ უცხოტომელებს (ბარბაროსებს) ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ, თუმცა ოლიმპიადების ისტორიიდან ცხადად ჩანს, რომ მოგვიანებით ამ წესს უკვე აღარ იცავდნენ. როგორც მაკედონიელები, ისე რომის იმპერიის მკვიდრნი თამაშებში ერთვებოდნენ და იმარჯვებდნენ კიდეც. შეჯიბრებაში თვით რომის იმპერატორებიც კი გამოდოდნენ. ასე მაგალითად, ოლიმპიონიკად გამოცხადდა რომის იმპერატორი ნერონი, რომელმაც „გაიმარჯვა“ 10 ცხენით შებმული ეტლით უკონკურენტო რბოლაში, რადგან მასთან გაჯიბრება ვერავინ გაბედა. ნერონი გამარჯვებულად გამოაცხადეს, არადა, სინამდვილეში, მისი ეტლი მოსახვევში გადაბრუნდა და ფინიშამდე ვერც კი მიაღწია.
თავდაპირველად ოლიმპიური თამაშები მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში იმართებოდა - მხოლოდ სირბილში - მაგრამ შემდგომ ის ხუთ დღემდე გაიზარდა.
პირველ დღეს იმართებოდა დღესასწაულის საზეიმო გახსნა. სტადიონზე ელანოდიკები წარადგენდნენ მონაწილეებს. შემდეგ ყველანი გადადიოდნენ ალტისში, სადაც მსხვერპლშეწირვის რიტუალს ატარებდნენ, ათლეტები და მსაჯები კი დებდნენ ფიცს, რომ პატიოსნად იბრძოლებდნენ და პატიოსნად განსჯიდნენ ასპარეზობას. იმავე დღეს იმართებოდა კენჭისყრა, ყალიბდებოდა ორთაბრძოლების წყვილები, ღამით კი - ანთებული ჩირაღდნებით - მსვლელობა. მეორე დღეს იმართებოდა ჭაბუკების შეჯიბრებანი სირბილში, ჭიდაობაში, კრივსა და ცხენოსნობაში. მესამე დღეს ტარდებოდა ძირითადი ასპარეზობები - პროგრამის სხვადასხვა სახეობაში. მეოთხე დღეს სტადიონზე იმართებოდა შეჯიბრება პენტატლონში, იპოდრომზე კი - რბოლა ეტლებით და დოღი. ოლიმპიური თამაშები სრულდებოდა ჰოპლიტოდრომით - შეიარაღებული ათლეტების სირბილით. მეხუთე დღე ეთმობოდა გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოებას, ლხინსა და თამაშების დახურვას.
გამარჯვებულებს „ოლიმპიონიკებს“ უწოდებდნენ. მათი ჯილდო იყო წმინდა ზეთისხილის გვირგვინი და პალმის რტო. მას, ვინც სამგზის გაიმარჯვებდა, უფლება ეძლეოდა დაედგა თავისი ქანდაკება ოლიმპიაში. გამარჯვებულთა სახელებს საქვეყნოდ აცხადებდნენ და განადიდებდნენ იმ ქალაქებს, საიდანაც ისინი იყვნენ. ოლიმპიონიკესი ცხოვრების ბოლომდე თავისუფლდებოდა სახელმწიფოებრივი ვალდებულებისაგან და საყოველთაო პატივით იყო მოსილი.
განახლებული ოლიმპიური თამაშები
ოლიმპიური ასპარეზობები განახლდა 1896 წლიდან. ფრანგი ბარონის პიერ დე კუბერტენის ძალისხმევით სორბონაში ჩატარდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებელი კონგრესი, რომლის ხელმძღვანელადაც აირჩიეს საბერძნეთის წარმომადგენელი, პოეტი, ლიტერატორი და მთარგმნელი დემეტრიოს ვიკელასი.
ისტორიულ კონგრესზე გადაწყდა, რომ თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები ჩატარდებოდა 1896 წელს და მას ათენი უმასპინძლებდა, 1900 წლის თამაშების ჩატარების უფლება კი პარიზს მიეკუთვნა.
ათენში ჩატარდა თანამედროვეობის პირველი საინაუგურაციო თამაშებზე პირველად გაჟღერდა ბერძენი პოეტის კოსტის პალამასის ტექსტზე ბერძენი კომპოზიტორის სპირიდონ სამარასის მიერ შექმნილი ოლიმპიური ჰიმნი, თუმცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მას ოფიციალური სტატუსი 1958 წელს მიანიჭა.
I ოლიმპიური თამაშების პირველი ჩემპიონი გახდა ამერიკელი სამმხტომელი ჯეიმს კონოლი. პირველი ძმები, რომლებიც ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ, იყვნენ ამერიკელები - ჯონ და სამნერ პეინები. მათ ოქროს მედლები ტყვიის სროლაში მოიპოვეს.
ტრადიციულად, ოლიმპიური თამაშები ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, თუმცა იცვლება მისი ჩატარების ადგილი. ქალაქში, სადაც ეს უდიდესი ზეიმი ეწყობა, ოლიმპიაში ანთებული ჩირაღდანი მიაქვთ მსრბოლელებს.
სენტ ლუისის III ოლიმპიური თამაშები
