ამსილმან აფსილმან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:33, 16 ნოემბერი 2020-ის ვერსია, შეტანილი Malania (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამსილმან აფსილმან (ამსჷლმან აფსჷლმან) - აფხ. მუსლიმი, მაჰმადიანი. აფხაზთა რელიგიური მრწამსის გასარკვევად აუცილებელია ჩრდილო-დასავლეთ კავკასიიდან ორი ძირითადი მიგრაციული ტალღის გათვალისწინება. ადრეული ტალღის მრწამსი თავიდან წარმართობა იყო. ისინი „თაყვანს სცემდნენ ჭალებსა და ტყეებს. ხეები... „ღმერთებად“ მიაჩნდათ“. IV-VI საუკუნეებისათვის ძველი აფხაზები უკვე დასავლურ-ქართულ ტომებს შეერწყნენ, გაითქვიფნენ და გაქრისტიანდნენ. IV ს-ში დასავლეთ საქართველოში სახელმწიფოს მიერ ქრისტიანობა უკვე აღიარებული იყო ოფიციალურად. XV საუკუნის 70-იან წლებამდე აფხაზური მოსახლეობა პოლიტიკურად, ეთნოკულტურულად და რელიგიურად დიფერენცირებული არ ჩანს. 1470-1474 წლებში ქართული სამართლის ძეგლები საკუთრივ აფხაზებში ქრისტეს მცნებისაგან განდგომასა და წარმართობის აღორძინებას ადასტურებს, რაც მოსახლეობის ნაწილის შეცვლას, მოსაზღვრე მთიელთა ახალი ნაკადის ჩამოსახლებას, მათი ყოფა-ცხოვრებისა და რწმენა-წარმოდგენების შეცვლაზე მეტყველებს. XVII საუკუნეში ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლებულ მოსახლეობას მაჰმადიანური რელიგიაც უნდა ჩამოეტანა, მაგრამ მან აფხაზებში ფეხი ვერ მოიკიდა ბოლომდე. XVIII ს. ტალღას ჩრდილო კავკასიიდან ბევრი მუსლიმი ჩამოჰყვა, თუმცა, 1867 წ. და 1877-1878 წლებში აფხაზეთიდან მუჰაჯირობის დროს თურქეთში გადაასახლეს. თურქეთიდან მოსახლეობის ნაწილი მალე დაბრუნდა, უკვე გამაჰმადიანებული, მაგრამ აფხაზეთში კვლავ თავის ტრადიციულ რელიგიას დაუბრუნდა. ამდენად, XIX-XX სს-ში თანამედროვე აფხაზების წარმართულ პანთეონში წამყვანი ადგილი სიცოცხლის ძალას, ნაყოფიერებას, საოჯახო, პატრონიმიულ, სასოფლო, სათემო ღვთაებებს ეკავა.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები