ჯუღელი მედეა
მედეა (მზია) ჯუღელი - 1926 წლის 1 აგვისტო, ქუთაისი - 2016 წლის 8 იანვარს . - ტანმოვარჯიშე. XV ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ პირველობაში და მეორე პრიზიორი საგნით ჯგუფურ ვარჯიშში (1952, ჰელსინკი). მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ოთხგზის ჩემპიონი (1951 - ბჯენით ხტომებსა და გუნდურ ჩათვლაში; 1954 - ჯგუფურ ვარჯიშსა და გუნდურ პირველობაში), სსრკ რვაგზის ჩემპიონი ბჯენით ხტომებსა (1946, 47, 51-55) და რგოლებზე ვარჯიშში (1953), მეორე პრიზიორი მრავალჭიდში (1952), საქართველოს ნაკრების მწვრთნელი (1962-65), სსრკ-ის ნაკრების მწვრთნელი (1965-70), სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი. თბილისის საპატიო მოქალაქე. ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.
მედეა (მზია) ჯუღელი პირველი ქართველი ქალია, ვინც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. მან საბჭოთა ტანმოვარჯიშეთა ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად რთული გზა გამოიარა და ეს არც არის გასაკვირი. 1952 წლის ჰელსინკის თამაშები სსრ კავშირის დელეგაციისთვის სადებიუტო ოლიმპიადა იყო და ნაკრების თითოეულ კანდიდატს საგანგებოდ არჩევდნენ. წინასაოლიმპიადო შეჯიბრებები, გამოცდილების მიღებასთან ერთად, ნაკრების კანდიდატებზე დაკვირვებასაც ითვალისწინებდა. ამ თვალსაზრისით ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ხარკოვში გამართული შეკრებაშეჯიბრება. მზია მრავალჭიდში მესამე პრიზიორი გახდა. საბოლოოდ, სწორედ ხარკოვში გაირკვა, რომ მზია ჯუღელი ქვეყნის მთავარი გუნდის ძირითად კანდიდატთა შორის იყო.
საბჭოთა ნაკრები ოლიმპიადის უპირველესი ფავორიტი იყო, ნაკრებში კი ყველაზე გამბედავ, ფსიქოლოგიურად გაწონასწორებულ ტანმოვარჯიშედ სწორედ მზია ჯუღელი ითვლებოდა. ნაკრების უფროსმა მწვრთნელმა ტაისა დემიდენკომ ყველასათვის გასაგონად გამოაცხადა: `მზია შენ იწყებ!~ ტურნირი დაიწყო ბჯენითი ხტომებით. მზიამ 9,7 ქულა დაიმსახურა. ეს შეფასება იქცა ორიენტირად, როგორც მეტოქეებისთვის, ისე მსაჯებისთვის. საბოლოოდ, საბჭოთა ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაში გამოდიოდნენ მარია გოროხოვსკაია, გალინა ურბანოვიჩი, გალინა შამრაი, გალინა მინაიჩევა, მზია ჯუღელი, ეკატერინა კალინჩუკი, ნინა ბოჩაროვა და პალინა დანილოვა ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა გუნდურ პირველობაში. იმავე საღამოს ოლიმპიურ სოფელში გამოცხადდა, რომ გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიენიჭა.
მეორე დღეს გაიმართა ჯგუფური შეჯიბრება საგნით. საბჭოთა ტანმოვარჯიშეები შვედების შემდეგ მეორე ადგილზე გავიდნენ. მზია ჯუღელმა და მისმა თანაგუნდელებმა ამჯერად ვერცხლის მედლები მიიღეს. ტანმოვარჯიშე ქალთა გამოსვლით საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელობა იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ ნაკრების წევრები ოლიმპიადის ბოლომდე დატოვეს ჰელსინკში.