ციმაკურიძე დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით ციმაკურიძე

ციმაკურიძე დავით - (1925 წლის 29 მარტს, ფოთი - 2006 წლის 8 მაისი თბილისი), თავისუფალი სტილის მოჭიდავე. პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი (1952 წლის ჰელსინკის XV ოლიმპიური თამაშები - ოქრო. სსრკ-ის შვიდგზის ჩემპიონი (1945-47, 49-52), მეორე (1954) და მესამე (1948) პრიზიორი. სსრკ-ის ორგზის ვიცე-ჩემპიონი (1947, 48) ბ/რ ჭიდაობაში. სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოსა და სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელი. ფილა-ს, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენების კავალერი.

ჰელსინკის XV ოლიმპიური თამაშები (1952)

1952 წლის ოლიმპიური თამაშები 79 კგ, 17 მონაწილე
1. დავით ციმაკურიძე (სსრკ)
2. გულამ რეზა ტახტი (ირანი)
3. დიერდ გურიჩი (უნგრეთი)

I წრე ქულებით (1:2) წააგო ბენტ ლინდბლადთან (შვედეთი); II წრე წმინდად (5,58) დაამარცხა დანიელ ჰოჯი (აშშ); III წრე წმინდად (4,55) მოუგო მოჰამედ აბდუ ჰუსეინს (ეგვიპტე); IV წრე ისვენებდა; V წრე ქულებით (3:0) სძლია დიერდ გურიჩს (უნგრეთი); ფინალში ქულებით (2:1) გაიმარჯვა გულამ რეზა ტახტისთან (ირანი) შეხვედრაში.

დავით ციმაკურიძე თავისუფალ ჭიდაობაშიც გამოდიოდა და როცა საერთაშორისო არენაზე გასვლის დრო დადგა, საბჭოთა გუნდში მიუჩინეს ადგილი. ისე მოხდა, რომ ამ გუნდისთვის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშები ერთ­ერთი პირველი ოფიციალური შეჯიბრება გამოდგა. მწვრთნელებს დაევალათ საჰელსინკოდ ის სპორტსმენები შეერჩიათ, რომლებიც უმაღლესი ადგილისთვის იბრძოლებდნენ. ჯერაც გამოუცდელი დავით ციმაკურიძისთვის ერთბაშად ოლიმპიური სიმაღლის დაძლევა ძნელი წარმოსადგენი იყო. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ოლიმპიურ ხალიჩაზე პირველივე შეხვედრა წააგო შვედ ბენტ ლინდბლადთან. საჩემპიონო პერსპექტივის დასაბრუნებლად აუცილებელი გახდა მომდევნო ორი მეტოქის წმინდად დამარცხება. ციმაკურიძემ ეს ამოცანა წარმატებით გადაწყვიტა: ჯერ ამერიკელი დან ჰოჯი დასცა, მერე - ეგვიპტელი მოჰამედ აბდუ ჰუსეინი. მეოთხე წრეში ციმაკურიძემ უნგრელ დიერდ გურიჩსაც აჯობა. ჩემპიონის ვინაობა ბოლო, მეხუთე ბრძოლას უნდა გაერკვია ციმაკურიძესა და ირანელ ტახტს შორის. გულა მრეზა ტახტი ირანის შაჰის რჩეული ფალავანი იყო - უშიშარი, ძლიერი, აგრესიული. თავის თავში დაჯერებულმა, თავმომწონე ირანელმა ბრძოლა ისე დაიწყო, თითქოს ჩემპიონობა უკვე განაღდებული ჰქონდა. ჭიდაობა მართლაც კარგი იცოდა და რახან ღონიერიც იყო, მეტოქის დათრგუნვა სწორედ ღონით გადაწყვიტა - ორჯერ სწრაფად შეუვარდა ფეხებში და ორჯერვე ჩოქბჯენში გადაიყვანა. ზეზეურად მისი წაქცევა შეუძლებელი იყო – დავითი ამას დროზე მიხვდა და სხვა, უფრო ეფექტური ილეთის ჩატარება სცადა: „ტახტის ჩემი ნაცადი ილეთი _ „ტრიალი“ გავუკეთე. სხვებთან კარგად გამომდიოდა, მაგრამ ტახტი რამდენჯერმე ხიდურით გამისხლტა. მაღალი და მაგარი ხიდი ჰქონდა, ჩვენი მუხრანის ხიდივით. ფოლადის კაცი იყო. მეც როგორღაც თავს ვაღწევდი მის ფანდებს. ასე ვჭიდაობდით.“ჩვენმა ფალავანმა გადამწყვეტი ბრძოლა ქულებით მოიგო. ეს იყო გამარჯვება, რომელმაც საქართველოს პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოუტანა.

წყარო

იხილე აგრეთვე

დავით ციმაკურიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები