არსენ ბერი
არსენ ბერი – (XI-XII ს.ს), საეკლესიო მოღვაწე, დავით IV აღმაშენებლის მოძღვარი. მოღვაწეობდა შიომღვიმის მონასტერში. არსენ ბერის მიერ არსი შედგენილი დავით აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმისა და, სავარაუდოდ, გელათისადმი. იგი არა მერტო ამ საბუთების შემდგენელია, არამედ მეფის ანდერძის ერთ-ერთი აღმსრულებელიც. არსენ ბერმა დავით მეფის დავალებით შიომღვიმეში ღვთისმშობლის ეკლესია ააგო. მასვე დაუდგენია ლავრისათვის სამონასტრო წესი და განგება. რაც შეეხება გელათისადმი მიძღვნილ ანდერძს, აქ მეფე არსენ ბერს უბარებს, რომ კათოლიკოსთან ერთად გამოარჩიოს მის მიერ შეწირული ადგილ-მამულები გელათისათვის. ქართულ ისტორიოგრაფიაში არსენ ბერს თვლიან რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერის, ასევე ამ კრების სახელით დავითისადმი მიძღვნილი შესხმა-ხოტბისა („მეფესა დავითს მონაზონი არსენ“) და წმ. ნინოს „ცხოვრების“ მეტაფრასული რედაქციის ავტორად. იგი არის ანდრია კრიტელის დიდი კანონის მთარგმნელი. ქართველ მეცნიერთა ერთი ჯგუფი (ს. კაკაბაძე, კ. კეკელიძე, ჯ. ოდიშელი) თვლის რომ არსენ ბერის მიერ დაწერილია დავით აღმაშენებლის მეფობის ისტორია „ცხოვრება მეფეთმეფისა დავითისი“. ისინი ამ თხზულებაში და იურიდიულ საბუთებში ხედავენ სტილისტურ, შინაარსობრივ და მსოფლმხედველობრივ მსგავსებას. მკვლევართა ნაწილი (თ. ჟორდანია, ზ. ჭიჭინაძე, ა. ხახანაშვილი, ი. ლოლაშვილი) არსენ ბერს არსენ იყალთოელთან აიგივებენ
ა. გოგოლაძე