ვორონცოვკა (ვაშლის ჯიში)
ვორონცოვკა – სინონიმი: ბორსდორფსკოიე-ნიკიტსკოიე. ვაშლის ჯიში „ვორონცოვკა“, ქართლში უმთავრესად დუშეთის რაიონში გავრცელებული ჯიშია. არ არის ცნობილი, თუ საიდან წარმოსდგა მისი სახელწოდება. აშკარაა უცხო ჯიშია.
ხე იზრდება ძლიერი, პირამიდული ვარჯით.
ნაყოფი საშუალო სიმსხოსია, 6,45–6,9 სმ. უდიდესი დიამეტრი მოდის ნაყოფის ქვედა ნაწილზე; მომრგვალო-კონუსისებრი ფორმისაა, წახნაგიანობა არ ახასიათებს.
ნაყოფის ყუნწი მოგრძოა, სქელი, ყავისფერი; ყუნწი ღრუს ზევით არის ამოსული. ყუნწის ღრუ განიერია, საშუალოდ ღრმა, მცირე ჟანგაროს ხალებით. ნაყოფის ძირი პატარაა, ბექურიანი, ოდნავ მობრტყო. ჯამის ღრუ ზერელე განიერია, დახურული ან ნახევრად დახურული.
ნაყოფის კანი თხელია, ელასტიკური, ძირითადი შეფერვა მოყვითალო–მომწვანოა, საფარი ფერი ნაყოფის 1/2–ზე ალი–წითელი ფერისაა, თეთრი ხალებით და რუხი ბრტყელი წერტილებით, თხელი ცვილისებრი ფიფქით.
ნაყოფის ხორცი მომწვანო–მოთეთრო ფერისაა, ფხვიერი კონსისტენციის, მოტკბო. ოდნავ მომჟავო. შემოდის ადრე შემოდგომაზე, ინახება შუა ზამთრამდე. მეორეხარისხოვანი სუფრის ჯიშია.
წყარო
საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;