საბაზრო თეატრი
საბაზრო თეატრი – ხალხური თეატრის სახე ევროპის ქვეყნებში XVI—XVIII საუკუნეებში.
იგი წარმოიშვა შუა საუკუნეებში, ბაზრობის დროს, მყიდველთა მოზიდვის მიზნით, ეწყობოდა სხვადასხვაგვარი სანახაობა და გასართობი. გამოდიოდნენ მოხეტიალე ჯამბაზები, მუშაითები, ცხოველების მწვრთნელნი და სხვ. XV—XVI საუკუნის ქალაქის ხელოსნები — ამ საქმის მოყვარულნი, რომლებიც ერთიანდებოდნენ ჯამბაზთა საზოგადოებაში (საფრანგეთი), „რიტორთა კამერებში“ (ნიდერლანდები), მეისტერზინგერების წრეებში (გერმანია) და ა. შ., ბაზრობის დღეებში მაყურებლებს წარმოუდგენდნენ სხვადასხვაგვარ ფარსს, ფასტახტშპილს, მორალიტეს. XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან საბაზრო თეატრის სცენაზე გამოსვლა დაიწყეს პროფესიონალმა მსახიობებმა – რომლებიც ასრულებდნენ ე. წ. „პარადებს” (სახუმარო სცენებს), ფარსებს და სხვა პიესებს. თეატრის მსახიობთა თამაშს, ძირითადად, საფუძვლად ედო იმპროვიზაციის ხელოვნება, იგი გამსჭვალული იყო სიხალისით.