ნაუტანკი
ნაუტანკი – ინდური კომედიური ხალხური მუსიკალურ-საცეკვაო წარმოდგენა. წარმოიშვა შუასაუკუნეების ინდური ხალხური თეატრის სხვადასხვა ფორმის საფუძველზე (წარმოდგენა თამაშდებოდა ქუჩაში, ქალაქის მოედანზე და ა.შ.). დიდი პოპულარობა მოიპოვა XIX საუკ. სიუჟეტს საფუძვლად უდევს ძველინდური თქმულებებისა და ზღაპრების მხიარული თავგადასავლები. წარმოდგენა შედგება რამდენიმე ეპიზოდისაგან, რომლებსაც ერთ მთლიანობაში აერთიანებს წამყვანი მსახიობი – მთხრობელი. მთავარი პერსონაჟი – მასხარა, სპექტაკლის მსვლელობის დროს იყენებს მახვილგონივრულ იმპროვიზაციებს (ხშირად საჭირბოროტო თემებზე). ნაუტანკიში დიდი ადგილი უჭირავს დიალოგს, აგრეთვე ცეკვას, სიმღერას, მუსიკასა და პანტომიმას. დასი ჩვეულებრივ შედგება წამყვანი მსახიობისა (რანგა) და მისი ოჯახის წევრებისაგან. ქალების როლებს ასრულებენ ბიჭუნები. თანამედროვე ნაუტანკი თამაშდება სასცენო მოედნებზე. წარმოდგენა იყოფა მოქმედებებად, გამოსვლებად და ა.შ.