მადრიგალი
მადრიგალი - (იტალ. madrigale), ლირიკული შინაარსის (უპირატესად სასიყვარულო) იტალიური სიმღერა მშობლიურ ენაზე (განსხვავებით იმ სასიმღერო ჟანრებისაგან, რომლებიც იწერებოდა ლათინურ ენაზე). თავდაპირველად ერთხმიანი სიმღერა, მადრიგალი უკვე XIV ს. 2-3 ხმიანი ხდება, ხოლო თავისი აღზევების პერიოდისათვის (XVI ს.) ცენტრალურ ადგილს იკავებს, როგორც საერო ჟანრი და ამ დროისათვის წარმოადგენს 4-5-ხმიან გაშლილ ვოკალურ პოემას. სასიყვარულო განცდების დახვეწილი ნიუანსები იდეალიზირებული, სურათოვანი ბუნების ფონზე უპირატესად ასეთია მადრიგალების შინაარსი.
მადრიგალების მუსიკალურ ფაქტურას ახასიათებს უხვი ქრომატიზმები და ტონალობების იმ დროისათვის მეტად გაბედული დაპირისპირება. დრამატულმა ტენდენციებმა, რომლებიც მოგვიანებით (XVII ს. შუა წლები) გამომჟღავდნენ მადრიგალში, იგი საოპერო ხელოვნების ერთ–ერთ წყაროდ აქციეს.