მოზაიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:54, 3 თებერვალი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოზაიკა - ფრანგ. Mosaique. გამოსახულება, რომელიც შედგენილია ცემენტის ფენაზე დამაგრებული, ერთმანეთთან მჭიდროდ მიწყობილი ფერადი კენჭების, სხვადასხვა ფერის მინის (სმალტის), მარმარილოს, ემალისა და მისთანათა პატარ-პატარა ნაჭრებისაგან; მოზაიკას უწოდებენ თვით მასალას, რომელიც ასეთი სახის სურატის შესადგენად გამოიყენება და ასეთი სურათის, შექმნის ხელოვნებასაც.

მოზაიკური გამოსახულების მისაღებად, სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის მასალას ამაგრებენ კირის, ცემენტის ხსნარზე და ან სანთლის ფენაზე. არსებობს მოზაიკის აწყობის 2 ხერხი: „პირდაპირი“, როცა მასალა უშუალოდ მაგრდება მისთვის განკუთვნილ ზედაპირზე, და „არაპირდაპირი“, როცა მას ჯერ მუყაოზე, ქსოვილსა და სხვა მაგარ ნივთიერებაზე აწყობენ და შემდეგ გადააქვთ კონკრეტულ ადგილას. მოზაიკის მასალა, როგორც წესი, მყარი და გამძლეა. სწორედ ეს ფიზიკური მახასიათებლები ანიჭებს მას განსაკუთრებულობას.

სარჩევი

განვითაარების ისტორია

მოზაიკის ხელოვნება 4 000 წელზე მეტ ხანს ითვლის, როდესაც დეკორატიულ ფიგურებს ფონზე თიხის ნატეხებით გამოსახავდნენ. ძვ. წ.-ით VIII საუკუნისთვის უკვე არსებობდა მოკირწყლული ბილიკები, რომლებიც სხვადასხვა ფერის კენჭებით იყო გაფორმებული. თუმცა, ეს უფრო არასტრუქტურირებული დეკორაციები იყო.

ძვ.წ. IV საუკუნეში, ბერძნებმა კენჭებით გაფორმებას ხელოვნების სახე მისცეს და ზუსტი გეომეტრიული ფიგურების, ცხოვრებისეული სცენებისა და ცხოველების გამოსახვა დაიწყეს.

ძვ. წ. 200 წლისთვის, სპეციალური ნაწილების (ტესერების) დამზადებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ ნამუშევრის დეტალებსა და ფერთა სპექტრს. პატარა ტესერებით, რომლებიც ზოგჯერ, სულ რაღაც, რამდენიმე მილიმეტრი იყო, ნახატების ასლებს აკეთებდნენ. მოზაიკის მრავალი ნიმუში დრომ შემოგვინახა, მაგალითად პომპეის მოზაიკები რომაელ ხელოვანთა ოსტატობას ნათელი მაგალითია. პომპეის მოზაიკაზე წარმოდგენილია ზღვის ღმერთი ნეპტუნი და ამფიტრიტე. იგი ჰერკულანიუმში, იტალიაში ინახება. კედლის მოზაიკაში გამოყენებულია მინის ნატეხები, რაც ფერებს მეტ სიცხოველეს ანიჭებს. იატაკის მოზაიკის დეტალებს მარმარილოს ან სხვა ქვებისგან ამზადებდნენ, ზოგჯერ თიხის ნატეხებს ან აგურსაც იყენებდნენ შესაბამისი ფერების მისაღებად. გრეხილებისგან შემდგარი ჩარჩოს ეფექტს გილოშებს უწოდებდნენ.

რომაული მოზაიკა

რომის იმპერიის გაფართოებასთან ერთად, მოზაიკის ხელოვნება კიდევ უფრო განვითარდა, მაგრამ ოსტატობის დონე და მანერა დაკნინდა. თუ რომაული მოზაიკის ნიმუშებს იტალიურს შევადარებთ, დავინახავთ, რომ გაფორმების თვალსაზრისით, პირველი უფრო მარტივი და ტექნიკურად ნაკლებ დახვეწილია. რომაული მხატვრობის ძირითადი თემატიკა იყო სცენები ღმერთებისა და ადამიანების ცხოვრებიდან, აგრეთვე, გეომეტრიული ფიგურები. რომაელები მოზაიკას იატაკისსა და კედლების გასაფორმებლად იყენებდნენ.

ბიზანტიური მოზაიკა

ბიზანტიელები სმალტში ხსნარს არ ასხამდნენ, რაც განაპირობებდა მინაში შუქის გარდატეხას. ამასთანავე, მოზაიკას პატარა კუთხეებში სვამდნენ, ოქროს ტესერები კი შენობის სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვაგვარად ბრწყინავდა. მოზაიკის საუკეთესო ნიმუშებს ვხვდებით რეავენაში, ვენეციაში და სტამბოლში.

ისლამური მოზაიკა

VIII საუკუნეში დასავლეთ ევროპაში, პირინეის ნახევარკუნძულზე მავრებმა შემოიტანეს ისლამური მოზაიკისა და ფილების ოსტატობა. ამავე პერიოდში, აღმოსავლურ ქვეყნებში მოზაიკისთვის გამოიყენებოდა ქვა, მინა და კერამიკა. ბიზანტიური მხატვრული მოზაიკისგან განსხვავებით, აღმოსავლური მოზაიკის გამოსახულებები, ძირითადად, გემოტრიული სტილით ხასიათდება. მოზაიკის ბრწყინვალე ნიმუშებია კორდობას დიდ მეჩეთსა და ალამბრას სასახლეში. არაბულ ქვეყნებში ჩამოყალიბდა განსაკუთრებული დეკორატიული სტილი ზილიჟი - ფორმები კერამიკისგან ხელით მზადდებოდა, რათა უკეთესად შერწყმოდა ერთმანეთს და კარგად დაეფარა ზედაპირი.

შუა საუკუნეები

ევროპის მრავალ ქვეყანაში, მოზაიკის ხელოვნება მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში დაქვეითდა. თუმცა, ფილების სულ უფრო მზარდმა წარმოებამ განაპირობა მოზაიკური ნამუშევრების გამოყენება სააბატოებსა და სხვა მნიშვნელოვან რელიგიურ დაწესებულებებში, მაგალითად, ელის კათედრალის სამრეკლოს გაფორმება (1320 წ.); სამრეკლოს იატაკზე დეტალებისგან შესრულებულია ადამისა და ევას გამოსახულება, ასევე, ერთმანეთთან შერწყმული გამოსახულებები, აქვე გამოყენებულია მოზაიკის სხვა ტექნოლოგიები, მათ შორის ფსევდო მოზაიკა (მოზაიკის დეტალებს ცალკე არ ამზადებენ და კენჭებს პირდაპირ სვამენ ფონზე მოზაიკის ეფექტის მისაღებად) და ოპუს სექტილი (ერთ მთლიან ფონს გამოსახულების მისაღებად დეტალებად ყოფენ).

მოზაიკამ მაღალ განვითარებას მიაღწია იტალიაში, საქართველოსა და ძველ რუსეთში. XVI საუკუნეში, იტალიაში შენობათა ინტერიერსა და ავეჯს რთავდნენ გახეხილი ფერადი ქვებით აწყობილი, ე.წ. ფლორენციული მინით.

XIX საუკუნის მოზაიკა

XIX საუკუნეში, მოზაიკისადმი ინტერესი გაიზარდა, განსაკუთრებით, ბიზანტიური სტილისადმი. ამის მაგალითია ლონდონში ვესტმინსტერის კათედრალისა და პარიზში საკრე-კეორის ტაძრის გაფორმება.

ბრიტანეთში, ვიქტორიანულ ეპოქაში მოზიკის ხელოვნება აღორძინდა, რაც განაპირობა ქვეყანაში მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებამ და კერძო თუ საზოგადოებრივი შენობების რიცხვის ზრდამ. ფილების მასობრივად წარმოებამ, თავის მხრივ, გაზარდა მოთხოვნა იატაკის დეკორატიულ გაფორმებაზე. არქიტექტურასა და დიზაინში გოთიკური სტილის აღორძინებამ კვლავ გამოიწვია შუასაუკუნეების თემატიკისადმი ინტერესი.

მოზაიკის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია ანტონიო სალვიატიმ, რომლის სახელსაც უკავშირდება ვენეციური მინის ინდუსტრიის აყვავება. მან ძველი ვენეციური ტექნოლოგიით დაიწყო მოზაიკის დამზადება ვიქტორიანული ეპოქის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

თანამედროვე მოზაიკა

მოზაიკას ასევე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს არტ-ნუვოს მიმდინარეობაში. XX საუკუნის პირველ ნახევარში, ბარსელონაში, გუელის პარკში ანტონიო გაუდიმ და ხოსე მარია ჟუჟოლმა მთელი ბაღი მორთეს ულამაზესი მოზაიკით. მოზაიკის ამ ტექნიკას ტრენცადისი ეწოდება და ითვალისწინებს დეტალებით შენობის ზედაპირის მოპირკეთებას. არქიტექტორებმა ჭურჭლის ნამტვრევები და სხვა საგნების დეტალებიც გამოიყენეს დეკორაციისთვის, რაც ხელოვნებაში გადატრიალებად ჩაითვალა.

ქართული მოზაიკა

1952-54 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბიჭვინთაში აღმოაჩინა IV საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. ტაძრის იატაკი დაფარული იყო მოზაიკური მხატვრობით. ბიჭვინთის მოზაიკა შედარებით კარგად იყო დაცული საკურთხევლის აფსიდსა და

1971-77 წწ. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სოფელ ძალისის მიდამოებში, დიონისეს ტაძარში აღმოჩნდა II საუკუნის იატაკის მოზაიკური მხატვრობა.

მოზაიკური მხატვრობის ნიმუში შემორჩენილი იყო აგრეთვე მცხეთის მცირე ჯვრის ტაძრის საკურთხევლის აფსიდის კონქში.

VII ს. პირველი ნახევრით თარიღდება წრომის ტაძრის მოზაიკა. მხატვრობის უმეტესი ნაწილი არ შემორჩენილა, შედარებით მოზრდილი 3 ფრაგმენტი კი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. მოზაიკის ფონუი შედგება სხვადასხვა ზომისა და ფორმის ოქროს კენჭებისგან, შავი და სხვადასხვა ელფერის წითელი შეღებილი კირქვისგან; მოცისფრო და ბაცი მწვანე ადგილ. ქვისგან.

XII ს.-ით თარიღდება ქართული მონუმენტური ხელოვნების მაღალმხატვრული ძეგლი გელათის მოზაიკა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები