ფოვიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფოვიზმი - ფრ. Fauvisme - ველური. მიმდინარეობა XX საუკუნის ფრანგულ ფერწერაში.

„ფუფუნება, სიმშვიდე და სიამოვნება“. მატისი. 1904 წ. ორსეს მიზეუმი პარიზი

ფოვიზმი ერთ-ერთი პირველი იყო საუკუნის ავანგარდულ მიმდინარეობებს შორის. ფოვიზმის ლიდერები იყვნენ: ანრი მატისი და ანდრე დერენი, რაულ დაფი, მორის დე ვლამინიკი, ჟორჟ ბრაკი და სხვ. ფოვისტებზე დიდი გავლენა მოახდინა იმპრესიონისტების, პოსტიმპრესიონისტებისა და პუანტილისტების შემოქმედებამ.

ფოვისტების პირველი მასწავლებელი გუსტავ მორო იყო; ეს წინააღმდეგობებით აღსავსე, სიმბოლისტი მხატვარი პარიზის ნატიფი ხელოვნების სკოლაში ასწავლიდა მატისს და მის თანატოლებს; იგი კრიტიკოსების მიერ ახალგაზრდა თაობის ფილოსოფიურ ლიდერად ითვლებოდა, ვიდრე 1904 წელს ახალ ლიდერად მატისი აღიარეს. მოროს ორიგინალური იდეები, გახსნილი გონება შთაგონების წყარო იყო ახალგაზრდა მხატვრებისთვის. მას სწამდა, რომ სუფთა ფერს შეუზღუდავი გამომსახველობითი უნარი ჰქონდა. მატისი ასე იხსენებდა მოროს: ის არასდროს გვაძლევდა სწორ მიმართულებას, პირიქით, ზოგჯერ ამ გზიდან გადაგვახვევინებდა, რომ თვითკმაყოფილებით არ დავმტკბარიყავით. ის სწორედ თავისი ემპათიის უნარით გვიჩვენებდა ახალ გზებს.“

„შემოდგომის სალონი“
მე-3 გამოფენის კატალოგი 1905 წ.

1896 წელს, მატისი ჯერ კიდევ უცნობი სტუდენტი იყო, როდესაც ჯონ პეტერ რუსელს ბრეტანში ესტუმრა. მატისმა პირველად იხილა იმრპესიონისტი მხატვრის ნამუშევრები და იმდენად შოკირებული იყო ახალი სტილით, რომ პარიზში დაბრუნებულმა რუსელთან გააგრძელა სწავლა. მის ტილოებზე მუქი ფერები იმპრესიონისტულმა შთაბეჭდილებებმა შეცვალა. რუსელი ვინსენტ ვან გოგის ახლო მეგობარი იყო და სწორედ მან გააცნო ვან გოგის ტილოები დამწყებ მხატვარს.

ფოვისტების გამოფენა “შემოდგომის სალონში“.
ილუსტრაცია ჟურნალში, ნოემბერი 1905 წელი.
„ქალი ქუდით“
მატისი, 1905 წ.

ფოვისტების ნახატები გამოირჩეოდა ფუნჯის უხეში მონასმებითა და მკვეთრი ფერებით, საგნები კი მარტივი ფორმებითა და აბსტრაქციულობით. პოლ სეზანისა და პოლ გოგენის ნახატებმა, განსაკუთრებით, ტაიტის სურათებმა დიდი გავლენა მოახდინა ფოვიზმის მეორე ლიდერის, დერენის ხელოვნებაზე. აღსანიშნავია, რომ, მსოფლიო ომის შემდეგ, დერენი უფრო ცნობილი გახდა, როგორც ახალი კლასიციზმის ფუძემდებელი. 1919 წელს, დერენი და მატისი, სხვა ავანგარდისტებთან ერთად, დიაგილევის საბალეტო წარმოდგენების გასაფორმებლად მიიწვიეს. შექმნილმა ესკიზებმა კიდევ უფრო მეტი აღიარება მოუტანა ხელოვანებს. 1928 წელს დერენი კარნეგის პრიზით დააჯილდოვეს, ხოლო მისმა გამოფენებმა მრავალი ქვეყანა მოიარა.

ფოვიზმის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, მორის დე ვლამინიკმა ვან გოგის ტილოები პირველად ერთ-ერთ გამოფენაზე ნახა 1901 წელს და სახალხოდ განაცხადა, რომ ვან გოგი მამაზე მეტად უყვარდა; მას შემდეგ ვლამინიკმა ტილოზე პირდაპირ საღებავის ტუბებიდან, ფუნჯის გარეშე დაიწყო ხატვა.

ფოვიზმის გავლენა დიდი იყო დეკორატიულ ხელოვნებაზე. რაულ დუფის ფერადი, დეკორატიული სტილი დეკორატორებმა, კერამიკის, ქსოვილებისა და საზოგადოებრივი შენობების დიზაინერებმაც აიტაცეს. იგი ცნობილი გახდა, როგორც ღია ცის ქვეშ მოწყობილი საზოგადოებრივი ღონისძიებებისა და წარმოდგენების ორგანიზატორი.

ფოვიზმის ესთეტიზმის წყარო იყო როგორც თანამედროვე ავანგარდული ხელოვნება, ისე რენესანსამდე პერიოდის ფრანგული ხელოვნება, რომელიც 1904 წელს იქნა წარმოდგენილი გამოფენაზე - ფრანგი პრიმიტივისტები. ფოვისტთა ესთეტიზმის წყარო იყო აფრიკული ხელოვნებაც. ვლამინიკი, დერენი და მატისი თავად აგროვებდნენ აფრიკული ხელოვნების ნიმუშებს.

მატისმა პირველი ფოვისტური ნამუშევარი სან-ტროპეში შექმნა. ეს იყო ტილო Luxe, Calme et Volupté (ფუფუნება, სიმშვიდე და სიამოვნება). არტისტებმა პირველი გამოფენა შემოდგომის სალონში (Salon d'Automne) 1905 წელს გამართეს. ეს სალონი თავად მხატვრებმა გახსნეს, როგორც პარიზის ოფიციალური სალონის კონსერვატორული აკადემიური პოლიტიკის თანამედროვე ალტერნატივა. კრიტიკოსმა ლუი ვოსელმა გამოფენა დაახასიათა, როგორც „დონატელო ველურ მხეცებში“, რითაც ხაზი გაუსვა კონტრასტს გამოფენილ ნამუშევრებსა და იქვე, დარბაზში მდგომ რენესანსის ტიპის ქანდაკებას შორის ვოსელის კომენტარი 1905 წლის 17 ოქტომბერს დაიბეჭდა გამოცემა ჟილ ბლაზში, ასე შეიქმნა ახალი მიმდინარეობის სახელი -ფოვიზმი. გამოფენას დამთვალიერებელი კრიტიკულად შეხვდა: „თითქოს, მათ საღებავის ქილა სახეში შეასხეს საზოგადოებას“- წერდა კრიტიკოსი კამილ მოკლერი. მიუხედავად ასეთი კრიტიკისა, ნამუშევრებმა პოპულარობა მოიპოვა. კრიტიკის მიღმა დარჩა სურათი ქალი ქუდით, რომელიც გერტრუდა და ლეო შტაინებმა შეიძინეს. ამ ფაქტმა ძალიან დადებითი გავლენა მოახდინა მატისზე, რომელიც დემორალიზებული იყო კრიტიკისგან. მატისი კაშკაშა ფერების ერთგული დარჩა და მისი ნამუშევრები დღემდე ხალისიან განწყობას უქმნის დამთვალიერებელს.

მიუხედავად ასეთი წინააღმდეგობებისა, ფოვიზმა დიდი გავლენა მოახდინა მე-20 საუკუნის ხელოვნების ისეთ მიმდინარეობებზე, როგორიც იყო ექსპრესიონიზმი, ორფიზმი და აბსტრაქტული ხელოვნება. იგი დღემდე რჩება ხელოვანთა შთაგონების წყაროდ. 1965 წელს, საფრანგეთის კულტურის მინისტრის ანდრე მალროს ინიციატივით, ტოკიოში ფოვიზმის 60 წლისთავის აღსანიშნავი იუბილე მოეწყო.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები