ბარათაშვილი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:17, 21 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ბარათაშვილი ნიკოლოზ – (1817 – 1845), პოეტი, დაიბადა თბილისში. 1827 წელს ნიკოლოზი, იგივე ტატო, როგორც მას მეტსახელად ეძახდნენ, თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში შევიდა. 1835 წელს, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთში გამგზავრებაზე, ეს გეგმა ჩაეშალა, უსახსრობის გამო. განუხორციელებელი დარჩა, აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ და რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად ამა სოფლის ამაოებათაკენ უბიძგებდა, ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას. ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები მის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა. ისინი მხოლოდ ხელნაწერთა სახით ვრცელდებოდა. პოეტი ქართველმა სამოციანელებმა „აღმოაჩინეს“ და თავიანთ წინამორბედადაც დასახეს. დიდ პოეტად ბარათაშვილი პირველად ილია ჭავჭავაძემ აღიარა, თუმცა 1852-1853 წლებში გიორგი ერისთავსაც ჰქონდა გამოქვეყნებული მისი რამდენიმე ლექსი ჟურნალ „ცისკარში“. ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების სრული კრებული კი 1876 წელს გამოიცა.

1836 წლიდან ნიკოლოზ ბარათაშვილი მუშაობდა უბრალო ჩინოვნიკად სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. 1844 წელს დაინიშნა ნახიჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ, ხოლო 1845 წლის ივნისში იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 27 წლისა, მალარიით მძიმედ დაავადებული გარდაიცვალა. ბარათაშვილის გადმოსვენებამ 1893 წელს განჯიდან თბილისში (დიდუბის პანთეონი) ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. 1938 წლიდან პოეტის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.

ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედება ქართული რომანტიზმის მწვერვალია; მისი შემოქმედებიდან შემორჩენილია ორმოცამდე ლექსი და ერთი პოემა – „ბედი ქართლისა“ (1839); არაერთი მისი ლექსი („შემოღამება მთაწმიდაზედ“, „ფიქრნი მტკვრის პირზედ“, „სული ობოლი“, „მერანი“ და სხვა) ქართული პოეზიის ყველა დროის საუკეთესო ნიმუშად ითვლება.


ცისა ფერს
ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,
პირველად ქმნილსა ფერს
და არ ამქვეყნიურს,
სიყრმითგან ვეტრფოდი.
და ახლაც, როს სისხლი
მაქვს გაციებული,
ვფიცავ მე – არ ვეტრფო
არ ოდენ ფერსა სხვას.
თვალებში მშვენიერს,
ვეტრფი მე ცისა ფერს;
მოსრული იგი ცით
გამოკრთის სიამით.
ფიქრი მე სანატრი
მიმიწევს ცისა ქედს,
რომ ეშხით დამდნარი
შევერთო ლურჯსა ფერს.
მოვკვდები – ვერ ვნახავ
ცრემლსა მე მშობლიურს, –
მის ნაცვლად ცა ლურჯი
დამაფრქვევს ცვარს ციურს!
სამარეს ჩემსა როს
გარს ნისლი მოეცვას, –
იგიცა შესწიროს
ციაგმა ლურჯსა ცას!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები